ტექნოპარკის მომსახურებების ნაწილი სტუდენტებისთვისაც გაძვირდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ტექნოპარკში მომსახურებების ნაწილი რამდენჯერმე გაძვირდა, მათ შორის სტუდენტებისთვისაც.

ტექნოლოგიური პარკის წევრობა კვლავ უფასოა. ტექნოპარკის წევრს საჯარო ღონისძებებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობა კვლავ შეუძლია, თუმცა 2018 წლიდან ტექნოპარკის წევრს მაღალტექნოლოგიური კომპანიების შოურუმების, საერთო სამუშაო სივრცის (coworking space) და შეხვედრების ოთახების გამოყენების უფლება აღარ ექნება, რაც 2016 წლიდან ჰქონდა.

ამის გარდა, გაძვირდა იმ დანადგარების ნაწილის გამოყენების საფასური, რომლებითაც ტექნოპარკში მოქმედი ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) წევრები იყენებენ.

კერძოდ:

  • ლაზერული მჭრელი Epilog Laser Fusion M2 (გამოიყენება ხის, მეტალის ქსოვილის საჭრელად) – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფასი უცვლელი დარჩა, სტუდენტებისთვის 10 თეთრით გაძვირდა და 1 წუთი 50 თეთრი გახდა
  • 3D პრინტერი Uprint SE Plus – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 100%–ით გაძვირდა – 2 ლარი გახდა, ხოლო სტუდენტებისთვის გაორმაგდა და 1 ლარი გახდა
  • 3D პრინტერი Felix 3.0 – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 80 თეთრიდან 3 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სტუდენტებისთვის გასამმაგდა და 1,50 ლარი შეადგინა
  • ბრტყელ ზედაპირზე მბეჭდავი პრინტერი – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 1 გრამი საღებავი 1.5 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სტუდენტებისთვის – 80 თეთრიდან 2.50 ალარამდე
  • 3D სკანირება – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აქამდე 1 წუთი 80 თეთრი ღირდა, სტუდენტებისთვის – 50 თეთრი. ახლა მოცულობით გამოითვლება და ობიექტის დეტალიზაციაზე დამოკიდებული იქნება. 20 სმ–ზე ნაკლები ობიექტის სკანირება 50–150 ლარამდე მერყეობს, 20–50 სმ–ის ობიექტის- 100–200 ლარამდე. 50 სმ–ზე მეტი ობიექტისა – 200–500 ლარამდე
  • თერმოგადატანა (ჭიქებზე, კეპებზე ნახატების, წარწერების გადატანა თერმული მასალების გამოყენებით) – თერმოგადატანა თუ ადრე წუთობრივად ითვლებოდა და ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 80 თეთრიდან იწყებოდა, ხოლო სტუდენტებისთვის 50 თეთრი ღირდა, ფიზიკური და იურიდული პირებისთვის ახლა A4 ფორმატზე – 8 ლარი ღირს, A5 ფორმატზე – 5 ლარი. სტუდენტებისთვის 4 ლარი (A4) და 2.5 ლარი (A5).
  • ვაკუუმფორმირება (დანადგარის მეშვეობით სხვადასხვა მასალისთვის სასურველი ფორმის მიცემაა შესაძლებელი) – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 1 ფორმირება 5 ლარი, სტუდენტებისტის 1 ფორმირება- 2.4 ლარი.
  • სასერი პლოტერი (დანადგარი, რომელსაც ფურცლის, ვინილის, რეზინის საჭრელად და კონტურის მისაცემად იყენებენ)  – შეიცვალა ფასი. თუ კი აქამდე 1 წუთის საფასური ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 80 თეთრი იყო, ხოლო სტუდენტებისთვის- 50 თეთრი, ახლა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 1მ2 5 ლარი ღირს, ხოლო სტუდენტებისთვის- 2.5 ლარი

ეს ცვლილებები მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილების მიხედვით ამოქმედდა. მანამდე არსებულ ფასებსა და პირობებს 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება აწესებდა.

ინოვაციების ქუჩაზე მდებარე ტექნოპარკი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2016 წლის იანვარში დააარსა. სააგენტოს გაცხადებული მიზნის მიხედვით, ტექნოლოგიური პარკმა დამწყებ და პატარა კომპანიებს უნდა შესთავაზოს ისეთი რესურსები, რომლებიც მათთვის ძნელად ხელმისაწვდომია.

სააგენტო ასევე აცხადებდა, რომ ტექნოპარკი განსაკუთრებულ როლს ითამაშებდა ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესების განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com