ქუთაისში ტყიბულისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა

შრომა უნდა იყოს უსაფრთხო! – ამ ლოზუნგით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტყიბულისადმი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა თეთრ სვეტებთან ტრანსპარანტი მიიტანეს, რომელზეც  მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაღუპული მუშების სახელები წერია.

საქართველო 6 მეშახტეს გლოვობს

პავლე გამეზარდაშვილი, 25 წლის – ახალგაზრდა მეშახტე საქნახშირის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მამამისი, გურამ გამეზარდაშვილიც 2010 წელს მძიმედ დაშავდა შახტში; მას ახლა მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია გადაადგილება. 17 წლის პავლე, საკუთარი ინიციატივით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და შახტში დაიწყო მუშაობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. პავლეს ორი ძმა ჰყავდა, რომლებიც ასევე მეშახტეები არიან.

გოგი რაფავა, 60 წლის – მინდელის შახტში 2006 წლიდან მუშაობდა. ბესიკ რაფავა, თავის დისშვილთან, ირაკლისთან ერთად იყო შახტში. მას დედა, ცოლი, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა. რაფავები წუხდნენ, რომ ქელეხისთვის დარბაზის შოვნა უჭირთ, რადგან ტყიბულში დიდი დარბაზები ყველა დაკავებულია – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა ერთდროულად დაიღუპა.

ელგუჯა ბოჭორიშვილი, 53 წლის – მის ცხედარს ოჯახი სოფელ მუხურში ელოდება. ელგუჯა ბოჭორიშვილს ორი შვილი ჰყავდა და შვილიშვილის დაბადებას ელოდებოდა. მეზობელმა გვითხრა, რომ ელგუჯას სახლი ტყიბულშიც აქვს, შახტის სიახლოვეს, თუმცა ოჯახი მის სოფელში აპირებს მიცვალებულის დაკრძალვას. მეზობლის, ზურაბ ბუაძის თქმით, შვიდი წელია ელგუჯას იცნობს და იმ პერიოდიდანვე შახტში მუშაობდა.

მირზა ქურციკიძე, 46 წლის – მას სამი შვილი დარჩა; უფროსი შვილი, 21 წლის, შახტში მუშაობს, მეორე შვილი – 12 წლისაა, მესამე ჯერ 1,2 წლისაც არ გამხდარა. მირზას მამა, ჟილინა ქურციკიძე ასევე მინდელის შახტში მუშაობდა. ის ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

გიორგი ბოჭორიშვილი, 28 წლის – დაახლოებით 10 წელი მუშაობდა შახტში. გიორგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. მას ცოლი და სამი პატარა შვილი დარჩა.

ბესიკ გურგენიძე, 50 წლის – ის წლების განმავლობაში მუშაობდა მინდელის შახტში. ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ დილით შეატყობინეს.

სოლიდარობა ტყიბულს – აქცია ქუთაისში. 06.04.2018. ფოტო: მარიამ კეთილაძე

სოლიდარობა ტყიბულს – აქცია ქუთაისში. 06.04.2018. ფოტო: მარიამ კეთილაძე

სოლიდარობა ტყიბულს – აქცია ქუთაისში. 06.04.2018. ფოტო: მარიამ კეთილაძე

რა მოხდა მინდელის შახტში
  • 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
  • საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ.
  • შსს-მ გამოძიება,  ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია.

მანამდე:

  • 2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
  • ამავე დღეს  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.
  • 2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა

ვინ მართავს მინდელის შახტს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი). 2017 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს არაღმასრულებელი დირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

წაიკითხეთ: რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.