რუსეთი საკუთარ ბაზარზე აფხაზურ პროდუქციას აბრუნებს

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ აფხაზური პროდუქცია რუსეთის ბაზარზე 10 აპრილიდან კვლავ დაბრუნდება, თუმცა, როსსელხოზნადზორის [ვეტარინარიისა და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახური] კონტროლის ქვეშ.

გადაწყვეტილება აფხაზეთისთვის სანქციების მოხსნაზე, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხდომაზე 5 აპრილს მიიღეს. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ ზომებზე, რომლებიც აფხაზურმა მხარემ აზიური ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ უკვე მიიღო.

აზიური ფაროსანას რუსეთში გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსკოვმა აფხაზური პროდუქციის გაურკვეველი დროით იმპორტი რამდენიმე დღის წინ აკრძალა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის მიმართ აფხაზეთში უკმაყოფილება გამოიწვია.

რუსეთის სანქციის შემდეგ, ფეისბუკზე აფხაზი მომხმარებლები ქართულ მხარესთან ვაჭრობის თემასაც განიხილავდნენ. თბილისმა აფხაზებსა და ოსებს ახალი სამშვიდობო ინიციატივები 4 აპრილს შეთავაზა, მათ შორის იყო ვაჭრობის კომპონენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი