“ციცინათელების სამარხის” რეჟისორი ისაო ტაკაჰატა გარდაიცვალა

BBC-ის ცნობით, იაპონური ანიმეს რეჟისორი, “სტუდიო გიბლის” დამაარსებელი ისაო ტაკაჰატა 82 წლის ასაკაში გარდაიცვალა.

ისაო ტაკაჰატა 2014 წელს ოსკარზე იყო წარდგენილი წლის საუკეთესო ანიმაციისთვის “თქმულება პრინცესა კაგუიაზე”, თუმცა ტაკაჰატას ყველაზე მეტად აღიარებული ანიმე მაინც “ციცინათელების სამარხია”.

ისაო ტაკაჰატამ “სტუდიო გიბლი” რეჟისორ ჰაიაო მიაძაკისთან ერთად 1985 წელს დაარსა. თავისი კარიერა სტუდია “ტოეში” დაიწყო 1959 წელს და სწორედ აქ გაიცნო ჰაიაო მიაძაკი, რომელიც შემდეგ “სტუდიო გიბლის” სახედ იქცა. ამიტომაც ადგილობრივი მედია მათ მეგობრებს და მეტოქეებს ერთდროულად უწოდებდა.

ტაკაჰატას ყველაზე აღიარებული ნამუშევარია ანიმაცია “ციცინათელების სამარხი”, რომელიც 1988 წელს გამოვიდა, ეს არის ისტორია ობოლ და-ძმაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. ბავშვები დედას საჰაერო დაბომბვის დროს დაკარგავენ, მამა კი იაპონიის იმპერიის ფლოტის სამსახურში დაიღუპება. ისინი იძულებული არიან არსებობაზე იზრუნონ საყოველთაო შიმშილის პირობებში. საბოლოოდ ორივე ბავშვი შიმშილით იღუპება. ანიმაცია ყველაზე მნიშვნელოვან ომის საწინააღმდეგო ნამუშევრად ითვლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com