ახალი ამბები

ლიტვურ ენაში Gruzija-სთან ერთად Sakartvelo ოფიციალურად დამკვიდრდება

6 აპრილი, 2018 • 4875
ლიტვურ ენაში Gruzija-სთან ერთად Sakartvelo ოფიციალურად დამკვიდრდება

ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება Gruzija-სთან ერთად Sakartvelo ოფიციალურად დამკვიდრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიამ.

“აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija),” – აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, კომისია მსჯელობას განაგრძობს სახელწოდების დაზუსტებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით, ხოლო სიტყვა Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების თაობაზე გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ამ ნაბიჯით ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.

ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს – 2018 წლის 26 მაისს,” – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი