ახალი ამბები

#ძალაევროპაშია – ახალი კამპანია რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ

5 აპრილი, 2018 • 13290
#ძალაევროპაშია – ახალი კამპანია რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ

ძალა ევროპაშია – ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია დღეს, 4 აპრილს გაიმართა. ახალი კამპანია ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად  ორგანიზაციების, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ ერთობილივი იდეაა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე “საერთაშორის გამჭვირვალეობა -საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა საუბარი იმ ტრაგედიით დაიწყო, რომელიც ტყიბულში მოხდა, სადაც 6 მეშახტე დაიღუპა და 3 დაშავდა.

“განსაკუთრებით, როდესაც ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხდება, ზუსტად მაშინ ვფიქრობ ევროპაზე იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ხდება ევროპის სახელმწიფოებში და იქ ნამდვილად შრომის უსაფრთხოება არის დაცული და ჩვენც გვინდა ასეთი გარემო ჩვენს ქვეყანაში ყველასთვის, ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, თითოეული ჩვენი მოქალაქის მიზანი და ჩვენი სახელმწიფოს მიზანი”,- განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავენ შეხვედრებს და ამაში საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები ჩაერთვებიან, როგორც გიგაურმა განაცხადა “ერთად დავარწმუნებთ მათ, რომ ერთადერთი სწორი გზა ჩვენი ქვეყნისთვის ეს ევროპული არჩევანია”

ორგანიზატორების ცნობით, კამპანია პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ევროპაზე გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება, მაგალითად, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი, რომ ევროინტეგრაცია ეროვნული ტრადიციების და ინტერესების შენარჩუნებას ეწინააღმდეგბა. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად იმუშავებს კამპანია.

კამპანიაში ჩართულმა ერთ- ერთმა მონაწილემ გიორგი ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას სწორედ ერთ-ერთი სტერეოტიპი გაიხსენა, რომელიც რუსეთისა და დასავლეთის შესახებ არსებობს:

“ყველაზე სასაცილო სტერეოტიპია, რომ ევროპა უზნეოა, რუსეთი კი ზნეობრივია. ბოლოს რაც ვნახე, “ზნეობრივმა” რუსეთმა იმის შემდეგ, რაც ოლიმპიელებს დაალევინა დოპინგი, პარაოლიმპიელებსაც აღმოუჩინეს დოპინგი. ზნეობრივ ქვეყანაში პარაოლიმპიელს რომ დოპინგს აღმოუჩენენ, წარმოიდგინეთ?”

კამპანიის კიდევ ერთი მონაწილეა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამბობს, რომ ამაყია ამ საქმეში ჩართულობის გამო:

“ძალიან მიხარია, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვხედავ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ჩვენი აუდიტორია გვყავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ყველა ადამიანამდე მივაწვდინოთ ხმა, მიხარია და ვამაყობ, რომ ამ კამპანიის წარმომადგენელი ვარ”- თქვა მან.

კომპანია “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ არჩევანი არა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, არამედ წარსულსა და მომავალს შორის კეთდება:

“ზოგადად ბიზნესში ნებისმიერ წარმატება დამოკიდებულია შესაძლებლობებზე, გუნდურობაზე და რესურსებზე. შესაძლებლობა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს, ასევ გვაქვს რესურსი, ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის გუნდურობა, გვაკლია ბრწინვალე გუნდი და ლიდერები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ არჩევანზე, ეს არ არის არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ეს არ არის არჩევანი ევროკავშირის ბაზარსა და რუსეთის ბაზარს შორის, ეს ერთმნიშვნელოვნად არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. მომავალი არის დემოკრატიაში, კანონის უზენაესობაში, კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში. ამ მომავლის შექმნის პირობა არის საზოგადოების ჩართულობა”.

პრეზენტაციის ბოლოს დიდ სტენდზე ყველა მონაწილემ ხელმოწერით დაადასტურა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის საქმეში ჩართულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი