ახალი ამბები

ბოკერიამ “რუსთავი 2″-ის სიუჟეტზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

5 აპრილი, 2018 • 2534
ბოკერიამ “რუსთავი 2″-ის სიუჟეტზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

გიგა ბოკერიამ “რუსთავი 2″-ის ეთერში გასულ სიუჟეტზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

სადავო სიუჟეტი P.S.-ს ეთერში 25 მარტს გავიდა. მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“:

“რეზოლუციაზე “ევროპული საქართველოსაგან” განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც, სიუჟეტის თანახმად, “სანქციების გაურკვევლობის გამო” რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო” – ვკითხულობთ ბოკერიას განცხადებაში, რომელიც ქარტიამ გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რომ ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა, რეზოლუციის საკამათო საკითხს თავად გაცნობოდა, “თუმცა გააცნო საკუთარი შეფასება – რომ ტექსტი გაუგებარია:

“მან არც ევროპული საქართველოს რესპოდენტთა განმარტება არ გააშუქა დისკუსიისთვის ამ საკვანძო საკითხზე – არადა, ინტერვიუს დროს საუბარი ამ თემასაც შეეხო”, – ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მაყურებელს მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა, რადგანაც მიიჩქმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები” – წერია ბოკერიას განცხადებაში, რომელიც ქარტიამ გაავრცელა

განცხადების თანახმად, მასალის ეთერში გასვლიდან მალევე გავრცელდა სიუჟეტის ერთ-ერთი მონაწილის და “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას წერილობითი მიმართვა, სადაც გარდა განმარტებისა, მითითებული იყო თხოვნა –  შემდეგ კვირას იმავე გადაცემის ეთერში ტელეკომპანიას გამოესწორებინა შეცდომა, რაც არ მომხდარა. ბოკერია მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეხუთე პრინციპიც, რომლის თანახმადაც, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

“ნეტგაზეთი” სიუჟეტის ავტორს, თეა ადეიშვილსაც დაუკავშირდა. ჟურნალიტსი ამბობს, რომ მასალა ჟურნალისტური ერთიკის ქარტიის პრინციპების დაცვითაა მომზადებული. თეა ადეიშვილის თქმით, სიუჟეტი ყველა მხარის პოზიცას ასახავს და არც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. ადეიშვილი მზადაა ქარტიის საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას საკუთარი პოზიცია დაიცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი