კარასინი: საქართველომ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის ზეწოლით მიიღო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველომ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლით მიიღო. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლით მიიღო, პირველ რიგში, ეს ქვეყნებია აშშ და დიდი ბრიტანეთი. ამ გადაწყვეტილებამ ჩვენ იმედი გაგვიცრუა”, – განუცხადა კარასინმა “რია ნოვოსტის”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, არის თუ არა რუსი დიპლომატი საქართველოდან გაძევებული პირი. უწყების ცნობით, საქართველო მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

სკრიპალების საქმის გამო რუსი დიპლომატები გააძევეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა აშშდიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა. საფრანგეთი და პოლონეთი 4-4 დიპლომატს გააძევებენ. ლიტვა და ჩეხეთი 3-3 დიპლომატის გაძევებას აპირებენ. დანია, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ესპანეთი  2-2 დიპლომატს გააძევებენ. ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და ხორვატია კი, თითო-თითო დიპლომატს.  უკრაინა 13 დიპლომატის, კანადა 4-ის, ალაბანეთი 2-ის და ნორვეგია თითო-თითო დიპლომატის გაძევებას აპირებენ.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ოდესმე პასუხს მოსთხოვდა. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com