“ჰაერის მასამ კიბეზე მიმახეთქა” – რას ჰყვება დაშავებული მეშახტე

ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული მეშახტე ტელეკომპანია იმედთან მომხდარს იხსენებს. მურმან აშოთია ფიქრობს, რომ შახტში ჭერი ჩამოინგრა, რამაც ჰაერის დიდი მასა წარმოქმნა:

“შახტის შესასვლელში ვიდექი, ჰაერის მასა და მტვერი დიდი წნევით მომხვდა სახეში. საიდანაც ჰაერის მასა მოდიოდა, იმ მხარეს ხილვადობა არ იყო. უცებ შემოვტრიალდი, ჰაერის მასამ კიბეზე მიმახეთქა, თუმცა გონება არ დამიკარგავს. ვეცადე ქვევით ჩავსულიყავი, მაგრამ ჰაერის მასამ ძირს იმ ადგილზე ჩამომაგდო. სადაც ნახშირი გამოდის, იქ ჭერი ჩამოინგრა და ამან გმაოიწვია ჰაერის მასის წარმოქმნა,” – იხსენებს დაშავებული ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

მურმან აშოთია ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მომხდარის შედეგად დაშავდა კიდევ ორი მეშახტე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარს ემსხვერპლა 6 მეშახტის სიცოცხლე. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მინდელის შახტის მმართველი კომპანიის, “საქნახშირის” დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ტყიბულში გვირაბის ჩამონგრევა უბედური შემთხვევა იყო.

“სამთო დარტყმა მოხდა, რამაც ჭერის ჩამოქცევა გამოიწვია იქ,  სადაც ხალხი მუშაობდა. დიდი ჰაერის წნევა შეიქმნა და ამის გამო სამი კაცი დასახიჩრდა, ექვსი კი გარდაიცვალა.

დარღევევას ამას მე ვერ დავარქმევდი იმიტომ, რომ ეს არის ბიძგების მიერ გამოწვეული სამთო დარტყმა, რისი პროგნოზირებაც შეუძლებელაია,” – განმარტავს ჯაყელი.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც 5 აპირლს 6 მუშა დაიღუპა, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არააღმასრულებელი დირექტორი -გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი -ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაირუპა, მათგან ოთხი ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.