ახალი ამბები

სურსათის სააგენტო მოსახლეობას სააღდგომოდ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს

5 აპრილი, 2018 • 1626
სურსათის სააგენტო მოსახლეობას სააღდგომოდ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები  დაცული არ არის.

“აღდგომის დღეებში, მარხვის დასრულებასთან ერთად, იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, უცნობია მომხმარებლისთვის“,-წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით,  საქონლის ხორცის შეძენისას მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა გააჩნდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი), ასევე დამზადების თარიღი და საათი; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6- გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებულად უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა..) იმპორტირებული ხორციც.

რაც შეეხება წვრილფეხა საქონელს, ამ შემთხვევაში სააგენტო მომხმარებლებს ურჩევს ყურადღება მიაქციონ შემდეგ კრიტერიუმებს:
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი; ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ჰქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი), ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს ბიზნესოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი; ასევე, დამზადების თარიღი და საათი. ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტ-მოწმობა ანუ ფორმა ნომერი ორი, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

“FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინენ იმ გარემოებას, რომ ბაზრებსა და სხვა არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ არაჰიგიენურ პირობებში დაკლული და რეალიზებული ხორცისგან ცხოველური დაავადებებით დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია,”-წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი