ახალი ამბები

“ტყიბულის ტრაგედია ცხადყოფს, შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა დრამატულად მძიმეა” – პრეზიდენტი

5 აპრილი, 2018 • 1955
“ტყიბულის ტრაგედია ცხადყოფს, შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა დრამატულად მძიმეა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია  ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და, ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ:

“ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და, ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ, ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ – სიცოცხლის თემა,” – ამბობს პრეზიდენტი.

დღეს, 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევისას სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ მინდელის სახელობის შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები: 1972 წელს დაბადებული მ. ქ, ოსტატ-ამფეთქებელი – 1968 წელს დაბადებული ბ. გ, სამთო მუშები – 1992 წელს დაბადებული პ. გ, 1959 წელს დაბადებული გ. რ, 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1966 წელს დაბადებული ე.ბ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გასულ წელს მინდელის შახტში  5 მეშახტე დაიღუპა. აქედან 4 ემსხვერპლა შახტში ლიფტის ჩავარდნას.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც 5 აპირლს 6 მუშა დაიღუპა, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-ღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი