‘ნუ დამტოვებ კანონს მიღმა” – კამპანია ლგბტ ადამიანების სამოქალაქო პარტნიორობისთვის

დღეს, 4 აპრილს, “თანასწორობის მოძრაობამ” განაცხადა კამპანიის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობაზე მუშაობის დაწყებაა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოჯახის შესახებ კონსტიტუციაში შეტანილი შესწორების შემდეგ, ლგბტ ადამიანებისა და ყველა დანარჩენისთვის კამპანიის მიზანია იმის ახსნა და განმარტება, რომ ქორწინების თუ არა, სამოქალაქო პარტნიორობის უფლება მაინც მოიპოვონ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაწერა 10 ვიდეო, სადაც ლგბტ ადამიანები იმ ბარიერების შესახებ საუბრობენ, რასაც სახელმწიფოს მიერ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ქორწინების ხელმიუწვდომლობა განაპირობებს. კამპანიის მიზნისა და მოთხოვნის შესახებ “თანასწორობის მოძრაობის” წევრი გიორგი თაბაგარი გვესაუბრა.

რა არის კამპანიის მიზანი?

კამპანიის მიზანი ისაა, რომ ლგბტ თემი კონკრეტული მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს და დავიწყოთ საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად გვაწუხებს. ამასთან, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება და დაიწყოს დისკუსია სამოქალაქო პარტნიორობის საჭიროებაზე. გვინდა, რომ კამპანიას მოჰყვეს ცვლილებები სასამართლოს გზით ან პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით.

კამპანიის პარალელურად პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები დაიწყება და ჩვენი იურისტების და სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით მოვამზადებთ კანონპროექტს.

სამომავლო კანონპროექტი, შვილად აყვანის და ქორწინების გარდა, უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რაც დამახასიათებელია ქორწინებისთვის: ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, საერთო დაზღვევა, ქონების დაგროვება, მემკვიდრეობის უფლება, პარტნიორის ციხეში მონახულება. ეს ის საკითხებია, რომლებიც ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის არა, თუნდაც 50 წელი ერთად იცხოვრონ.

ეს კამპანია მხოლოდ სოციალური მედიისთვის არის?

არა მხოლოდ. გვინდა, რომ გავიდეთ ტრადიციულ მედიაზე, მომზადდეს გადაცემები, გვინდა, რომ დაიწყოს საჯარო დისკუსიები და არ დარჩეს იმ ვიდეოდ, რომელსაც 2 000 ნახვა აქვს და ნაცნობების წრეში იხარშება. გვინდა, რომ ფართო მასებზე გავიდეთ.

“სი არ არ სი”-მ ჩაატარა 4 ფოკუს-ჯგუფი, სადაც თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. გვსურდა გაგვეგო, რაზე რეაგირებს საზოგადოება. როცა გეგმავ, მნიშვნელოვანია იცოდე, რამდენად იმუშავებს ეს კამპანია. დავიწყეთ ჯერ საზოგადოებრივი აზრის გაგება.

ფოკუს-ჯგუფით გავიგეთ, რომ ჰომოფობიური განწყობების ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინებისა და შვილის ყოლის უფლების წინააღმდეგი არიან, მისაღები იყო, რომ სამოქალაქო პარტნიორობის დონეზე ლგბტ ადამიანებს გარკვეული უფლებები ჰქონდეთ.

რთული იყო რესპონდენტების მოძიება და დათანხმება?

ძალიან რთული იყო დათანხმება. რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, საბედნიეროდ, რომლებიც არ მოერიდნენ წნეხს და სიძულვილს, რომელიც ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ დაატყდებოდათ თავს. გურამისა და ლაშას ვიდეოს გასაჯაროვების შემდეგ ბინაზე, რომელიც შეთანხმებული ჰქონდათ, მეპატრონემ უთხრა, რომ არ მიაქირავებდა, რადგან არ უნდოდა, მის სახლში გეი წყვილს ეცხოვრა. მსგავსი სირთულის წინაშე რომ გიწევს შეჯახება, ცოტა რთულია. 


სამოქალაქო პარტნიორობაზე ხელმიუწვდომლობა ლგბტ ადამიანებისთვის აქტუალური პრობლემაა?

ამისთვის მზაობა არ არსებობს არც თემში და არც საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი პასუხი მთავრობის მიერ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლითაც ოჯახი ქალისა და კაცის თანაცხოვრებად განისაზღვრა. დავიწყეთ ფიქრი ჩვენი ნაბიჯისა და ალტერნატივის შესახებ, რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოვა. ეს არის სამოქალაქო პარტნიორობა. სამოქალაქო პარტნიორობაზე თემის წევრებში დიდი ცოდნა ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს თემა თუ არ წაიკითხე და არ მოისმინე, დამოუკიდებლად გაგიჭირდება, რომ მის შესახებ ინფორმაცია მოიძიო. ორგანიზაციაში გადავწყვიტეთ, რომ უპირველესად ცნობიერების ამაღლების კამპანია უნდა გავაკეთოთ. 

ეს კამპანია პირიქით, უკან ხომ არ დასწევს საკითხს, თუ გაქვთ რისკები გათვლილი?

საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარესი რა უნდა მოხდეს?! როცა ადამიანები პირველ პირში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბრობენ, აგრესიით განწყობილ ადამიანებზეც კი ახდენენ გავლენას და ისინი სხვაგვარად იწყებენ ფიქრს. 

კამპანიაში მონაწილე თემის არაწევრებს სხვადახვა ასაკის ადამიანებთან მიაქვთ ინფორმაცია და მგონია, რომ კრიტიკული მასის შექმნის რესურსი უნდა გვქონდეს. ეს მასობრივი არ გახდება, მაგრამ თუ გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც იციან სამოქალაქო პარტნიორობის აუცილებლობის შესახებ, მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, რომელიც მომავალში შეიძლება შეიქმნას, ძალიან კარგი იქნება. მგონია, რომ ამ კამპანიით ამას შევძლებთ.

“თანასწორობის მოძრაობის” კამპანია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობისთვის

“თანასწორობის მოძრაობის” კამპანია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობისთვის

“თანასწორობის მოძრაობის” კამპანია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობისთვის

“თანასწორობის მოძრაობის” კამპანია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობისთვის

“თანასწორობის მოძრაობის” კამპანია ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობისთვის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com