ახალი ამბები

ბორისპოლის დირექტორი: Ryanair კიევის აეროპორტში კოლაფსს გამოიწვევს

4 აპრილი, 2018 • 3327
ბორისპოლის დირექტორი: Ryanair კიევის აეროპორტში კოლაფსს გამოიწვევს

კიევის საერთაშორისო აეროპორტ ბორისპოლის დირექტორი პაველ რიაბკინი მიიჩნევს, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ის კიევში სასურველ დროს ფრენა ბორისპოლში კოლაფსს გამოიწვევს. ერთ-ერთი უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რიაბკინი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, იაფი ავიაკომპანიის უკრაინის მიმართულებით ფრენას უკავშირდება.

უახლოეს დღეებში Ryanair პირდაპირ ავიარეისებს ლვოვიდან და კიევიდან ევროპის 15 მიმართულებით იწყებს. თავდაპირველად ავიაკომპანია მხოლოდ კიევიდან დღეში 4-5 რეისს შეასრულებს, 2018 წლის ოქტომბრიდან კი მაქსიმალური დატვირთვით ამუშავდება.

Ryanair ევროპაში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ბილეთის ფასიც, სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით, იაფია. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ Ryanair-ს უკრაინის მიმართულებით ფრენა 2017 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა. ირლანდიურმა ავიაკომპანიამ ბორისპოლის აეროპორტი “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ლობირებაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტიც ჩაერთო და პოლიტიკურ დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება Ryanair-ის უკრაინაში შეყვანის შესახებ.

თუმცა კიევის საერთაშორისო აეროპორტი პირიქით ადანაშაულებს Ryanair-ს და ამბობს, რომ კომპანია განსაკუთრებულ პრივილეგიებს მოითხოვდა, მაგალითად, უფასო მიწას სასტუმროს ასაშენებლად, ტაქსების სადგომს, სარეკლამო ადგილებს, ოფისს და ა.შ. მთავარი მოთხოვნა კი ეხებოდა აეროპორტის მოსაკრებელს ერთი მგზავრისთვის. ბორისპოლის აეროპორტი ამჟამად ავიაკომპანიებს ერთ მგზავრზე $15-დან $20-მდე ახდევინებს. როგორც ბორისპოლის დირექტორი ამბობს, ისინი Ryanair-ს მხოლოდ მოსაკრებლის ფასდაკლებაზე შეუთანხმდნენ – Ryanair ერთ მგზავრში $7.5-ს გადაიხდის, რაც საშუალებას მისცემს, ბილეთები უფრო იაფად გაყიდოს. ავიაკომპანია დანარჩენ მომსახურებას სტანდარტული პირობებით მიიღებს.

მოსალოდნელი კოლაფსი, რაზეც ბორისპოლის დირექტორი საუბრობს, ეხება რეისების შესასრულებლად Ryanair-სთვის სასურველ დროებს. პაველ რიაბკინის თქმით, ავიაკომპანია ბილეთებს ყიდის დილისა და საღამოს პიკის საათებში, თუმცა დროის ამ მონაკვეთში რეისების შესრულების უფლება ჯერ მოპოვებული არ აქვთ.  როგორც რიაბკინი ამბობს, აეროპორტი Ryanair-ს პიკის საათებში მისთვის სასურველი პირობებით ფიზიკურად ვერ მოემსახურება. როგორც წესი, Ryanair მინიმალურ დროს ითხოვს მოფრენა-გაფრენისთვისა და აეროპორტის მომსახურებისთვის. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავმა აეროპორტში მოფრენიდან 35 წუთში გაფრენა შეძლოს.  ბორისპილის დირექტორის განმარტებით, ამისთვის დაახლოებით 2-3 საათი იქნება საჭირო, რადგან აეროპორტს არ გააჩნია საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი ამის უზრუნველსაყოფად. გამოსავალი ავიაკომპანიისთვის ცალკე ტერმინალის გამოყოფაა, რაც მხოლოდ მაქსიმალური დატვირთვის – დღეში 15 რეისი – შემთხვევაში მოხდება.

უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის უკრაინულ ბაზარზე შესვლა უმნიშვნელოვანესია უკრაინის მოქალაქეებისთვის, რადგან ის მათ მისცემს საშუალებას, იაფად იმოგზაურონ. ამჟამად უკრაინაში ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – Wizzair და “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” – მუშაობს.

უკვე წლებია, Ryanair-ის საქართველოში შემოსვლაზე ვრცელდება ინფორმაცია. მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური უწყებებიც საუბრობენ, თუმცა ამ დრომდე ამის განხორციელება ვერ მოხერხდა. მოლოდინის ბოლო, ახალი თარიღი, 2019 წელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი