ახალი ამბები

დმანისის გადარჩენის ფონდში აუქციონზე მოგებული ევკალიპტის ხის თანხა მოგროვდა

4 აპრილი, 2018 • 2257
დმანისის გადარჩენის ფონდში აუქციონზე მოგებული ევკალიპტის ხის თანხა მოგროვდა

დმანისის გადარჩენის ფონდში ევკალიპტის ხის შესაძენად საჭირო 20 020 ლარი რვა დღეში შეგროვდა. ფონდმა აღნიშნული თანხა უკვე გადაუხადა სახელმწიფოს. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან აუქციონზე პაექრობაში მოგებული ასწლოვანი ხე ოფიციალურად დმანისის გადარჩენის ფონდის საკუთრებაა.

ფონდში შემავალ პარტიებს ევკალიპტის მწვანე კონცხზე დატოვება სურთ, თუმცა ელექტორნული აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია თანხის სრულად გადახდის დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან. მიუხედავად ამისა, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ევკალიპტის ხე ადგილზე დარჩება და იქცევა ტურისტულ ღირსშესანიშნაობად.

“ხელშეკრულება ჯერ არ გვაქვს გაფორმებული. ამაზე გვქნება მოლაპარაკება. ეს არის უძრავი ქონება, ხოლო მისი განმარტება სამოქალაქო კოდექსით დაკავშირებულია არსებულ ტერიტორიასთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხე ადგილზე დარჩეს და იქცეს ტურისტულ ღირსესანიშნაობად,” – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი ვაშაძემ.

ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, ხოლო მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია. დმანისის გადარჩენის ფონდის ინფორმაციით, ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

დმანისის გადარჩენის ფონდის შესახებე

დმანისის გადარცენის ფონდი 14-მდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისგან შედგება. ევკალიპტის ხემდე, საყდრისის საბადოს მიმდებარედ, ფონდმა 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ის თანხაა, რომლის გადახდაც ტერიტორიის განკარგვისთვის აუქციონში გამარჯვებულ მხარეს ყოველწლიურად მოუწევს. თუ გამარჯვებული მხარე აუქციონის ბოლოს დაფიქსირებულ თანხას არ გადაიხდის, აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილ საგარანტიო თანხას დაკარგავს, რომელიც ამ შემთხვევაში 3 750 ლარს შეადგენდა.

დმანისში 16 ჰა მიწის ასაზომად პოლიტიკოსები დღეს ჩავიდნენ. ტერიტორიის დათავლიერების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანია RMG-ის კუთვნილი ტექნიკა იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, შენობა-ნაგებობების ნაწილი კი აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, რაც კანონდარღვევაა, რადგან მასზე RMG-ს არანაირი უფლება არ გააჩნია. ამ საკითხზე “დმანისის გადარჩენის ფონდი” გეგმავს პროკურატურას მიმართოს. კომპანიას იმ ტერიტორიის განკარგვაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, საყდრისის კომიტეტიც ადანაშაულებდა, თუმცა მაშინ RMG ბრალდებებს უარყოფდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი