ახალი ამბებისამართალი

ზოგიერთი მოქალაქე დოკუმენტებში დაბადების ადგილის შესწორებას შეძლებს -იუსტიციის სამინისტრო

4 აპრილი, 2018 • 2030
ზოგიერთი მოქალაქე დოკუმენტებში დაბადების ადგილის შესწორებას შეძლებს -იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეს, 4 აპრილს, მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, პირებს, რომელთა ოფიციალურ დოკუმენტებში დაბადების სხვადასხვა ადგილები აქვთ მითითებული და ამის გამო პრობლემემი ექმნებათ, ამ მონაცემების გასწორება შეეძლებათ.

ცვლილება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, თუ როგორ შეძლებენ ასეთი პირები, კანონპროეტის მიხედვით, ოფიციალურ დოკუმენტებში დაბადების ადგიის გასწორებას

“საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 1976-94 წლებში დაბადების რეგისტრაციისას დაბადების ადგილად შესაძლებელი იყო როგორც ბავშვის რეალური დაბადების, ისე მისი მშობლების რეგისტრაციის ადგილის მითითება. შედეგად, არის შემთხვევები, როდესაც დაბადების რეგისტრაცია მოხდა კანონმდებლობის დაცვით მშობლების მისამართის მიხედვით, მაგრამ პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაში პირის რეალური დაბადების ადგილია მითითებული, ხოლო სხვადასხვა დროს გაცემულ სხვადასხვა საბუთში ორი განსხვავებული დაბადების ადგილი ფიგურირებს, რაც მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და პრობლემების წყაროა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები ასეთ პირებს საშუალებას აძლევს, გაასწორონ მონაცემები და, სურვილის შემთხვევაში, ყველა დოკუმენტში დაბადების ადგილად მიუთითონ ის მუნიციპალიტეტი, რომელიც მათი რეალური დაბადების ადგილია და  მითითებულია პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაში.

ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების შეტანას საფუძვლად დაედება თავად პირის მოთხოვნა. დაბადების რეალური ადგილის დადასტურება შესაძლებელი იქნება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით; იმ შემთხვევაში კი, თუ  ეს ინფორმაცია არ არის დაცული − დაბადების რეგისტრაციის დროს გაცემული მოწმობით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაბადების ადგილის შესწორება შესაძლებელია შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან  გვარის რეგისტრაციის, მოქალაქეობის შეწყვეტის ან დაკარგვის საფუძველზე. დაბადების ადგილის შესწორება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას დაშვებულია შეცდომა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, იმ პირს, რომელსაც დოკუმენტის გაცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით დაბადების მოწმობაში მითითებული აქვს მშობლების რეგისტრაციის ადგილი და არა ის ქალაქი, დაბა თუ სოფელი, სადაც რეალურად დაიბადა, შეეძლება, მოითხოვოს დოკუმენტებში რეალური დაბადების ადგილის  ჩაწერა”

მასალების გადაბეჭდვის წესი