ახალი ამბებისამართალი

“მიზანმიმართული შეტევა” – შეწყალების კომისია ირაკლი ქორიძეზე ბრალდებებს პასუხობს

4 აპრილი, 2018 • 2757
“მიზანმიმართული შეტევა” – შეწყალების კომისია ირაკლი ქორიძეზე ბრალდებებს პასუხობს

ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს შეწყალების პროცესის მიმართ ზვიად ქორიძე მიზანმიმართულ შეტევას უწოდებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ირაკლი ქორიძის საქმესთან დაკავშირებით არსებობდა როგორც საპარლამენტო კომიტეტის დასკვნა, ასევე შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია და პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე მიიღო.

როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, ინფორმაცია ირაკლი ქორიძის პრეზიდენტთან შესაძლო ნათესაური კავშირის შესახებ შეწყალების კომისიას არ ჰქონდა:

“მეტიც, ასეთი ტიპის ინფორმაციები კომისიას საერთოდ არ გააჩნია და როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ესა თუ ის საჯარო პირი ან მედიასაშუალება, ბუნებრივია, მან გარკვეული წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს იმის გამო, რომ ის ამით ძალიან სერიოზულ ჩირქს სცხებს კონკრეტულად შეწყალების საქმეთა კომისიას, რომლის წევრებს აქვთ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია და აღიარება, და ეს ადამიანები ნამდვილად არ იღებენ გადაწყვეტილებებს რაღაც ნათესაური კავშირების და სხვა ინტერესების გამო.”

ზვიად ქორიძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების დეზინფორმირება მიდის, თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს შეწყალების აქტის მომზადებაზე, თითქოს შეწყალების კომისიის წევრები იღებენ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას, რომელსაც სთავაზობენ პრეზიდენტს და თითქოს ამ რეკომენდაციების საფუძველზე პრეზიდენტი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, გაიზიაროს ეს რეკომენდაციები თუ არ გაიზიაროს. შეწყალების კომისიის თავმდჯომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებებს დოკუმენტაციის სახით პრეზიდენტს სთავაზობს მხოლოდ შეწყალების კომისია.

“ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება იყო დადებითი, ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს მაშინ საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლება და პრეზიდენტმა ჩვენი რეკომენდაცია გაიზიარა,” – აცხადებს ზვიად ქორიძე.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ის პროცესიც გაიხსენა, რომელიც ირაკლი ქორიძის შეწყალებას უძღოდა წინ.

“2013 წლის დეკემბერს, იმიტომ, რომ კომისიაში იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ჩვენ ერთმანეთს ვეპაექრებოდით სწორედ ამ არგუმენტებით, ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს საკითხი გადაიდო 2014 წლის იანვრისთვის. უკვე მეორედ, კომისიამ სხდომაზე განვიხილეთ ძალიან ბევრი დოკუმენტი და არა მხოლოდ ადამიანთა უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის დასკვნა, რომელიც თავისი დისკით იყო წარმოდგენილი.

განვიხილეთ კიდევ სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგინა ირაკლი ქორიძის ადვოკატმა, წარმოადგინეს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც იცნობდნენ ამ საქმეს, და ეს არ იყო მხოლოდ რეკომენდაციები, ეს იყო რაღაც კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული შეფასებები იმ პროცესებისა, რომლებიც თან ახლდა ამ საქმეს ირაკლი ქორიძის გასამართლებამდეც და გასამართლების შემდგომაც. ამიტომ ჩვენ ყველა ეს დეტალი განვიხილეთ.”

ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგი პრეზიდენტთან დაპირისპირებას და მის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებას ითვალისწინებს. ამ ფონზე ქორიძე მოუწოდებს ყველას, არ მიაწოდოს საზოგადოებას დამახინჯებული ფაქტები. მისივე თქმით, ირაკლი ქორიძე, 2014 წლის იანვარში შეწყალებული ყოფილი მსჯავრდებული, არ იყო გასამართლებული ნარკორეალიზაციაზე.

ზვიად ქორიძე ასევე გამოეხმაურა ცალკეული პოლიტიკური პარტიების პრეტენზიებსაც, რომლებიც შეწყალების პროცესის შერჩევითობას და პოლიტიზებას ეხება.

“ის, რომ შეწყალების კომისია არ დაინტერესებულა იმ ადამიანების საქმეებით, რომლებიც ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ პოლიტპატიმრებად, – ეს არის სიცრუე. შეწყალების კომისია ინტერესდება ყველა იმ საქმით, რომელიც შემოდის შეწყალების კომისიაში. არგუმენტაცია, თითქოს ჩვენ ვართ რომელიმე პოლიტიკური გუნდის, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ სასურველი მსჯავრდებულის შეწყალების მომხრე, რომელიღაცის კი- არა, ეს არის უსამართლო მიდგომა თავად შეწყალების კომისიისა და შეწყალების პროცესისადმი,” – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

შეწყალებული მსჯავრდებულების გამო შეწყალების კომისიასა და პრეზიდენტს მიკერძოებულობასა და შერჩევითობაში მმართველი გუნდის წევრები ადანაშაულებდნენ. ყოფილი და ახლა უკვე მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტს ბოდიშის მოხდისკენაც მოუწოდებდა. ზვიად ქორიძის თქმით, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გამოთქვამდნენ პროტესტს შეწყალების პროცესში მათთვის სასურველი მსჯავრდებულების შეწყალება-არშეწყალების გამო:

“ეს არ არის სწორი მიდგომა იმიტომ, რომ შეწყალების პროცესს პრეზიდენტი მარგველაშვილი არ განიხილავს პოლიტიკურ პროცესად; შეწყალების პროცესი ჩვენთვის, კომისიის წევრებისთვის, ეს არის სახელმწიფოს ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური ფუნქციის სწორად გამოყენების საშუალება.”

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების პროცესის მიმართ მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ, არა მხოლოდ შეწყალების კომისიის იმ შემადგენლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მუშაობს, ან რომელიც მუშაობდა თუნდაც 2014 წელს, არამედ ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის, შეწყალების იდეის წინააღმდეგ.

“მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, იმიტომ, რომ თავისთვის სასარგებლო პოლიტიკური ქულა დაიწეროს, ძალიან სწორად გაიაზროს ეს, რადგან საზოგადოებისათვის და სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის არის მნიშვნელოვანი, სწორედაც მაღალჰუმანური შეწყალების პროცესი, რომელიც დღეს საქართველოში წარმატებით ხორციელდება. და ჩვენ ბოლო რამდენიმე დღეა ვაკვირდებით, როგორ მიზანმიმართულად ცდილობენ ამ პროცესის დანგრევას. ეს დაუშვებელია!” – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

რის გამოა დაკავებული ირაკლი ქორიძე

სამართალდამცველებმა ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს. ამავე საქმეში ფიგურირებს გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, რომელსაც სასამართლომ 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის 8-წლიანი პატიმრობა 23 იანვარს მიუსაჯა. ბახალას ახალი ბრალი 31 მარტს წარედგინა, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს ეხება.

შსს-ს განცხადებით, გიორგი გიორგანაშვილს დიდი ოდენობით უკანონო ნარკოტიკული საშუალება საქართველოში სწორედ ირაკლი ქორიძესთან და ჯაბა ხულორდავასთან შეთანხმებულად შემოჰქონდა. ბრალდების მიხედვით, ამისთვის მათ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული სცენარი და განაწილებული როლები.

გამოძიება ირაკლი ქორიძეს და გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი). გარდა ამისა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ირაკლი ქორიძის სასამართლო პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, ირაკლი ქორიძის მხრიდან არსებობდა მიმალვისა და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე.

ირაკლი ქორიძის სიტყვა სასამართლოში

“დანაშაული მაშინ ჩავიდინე, როცა გავიგე, რომ ჩემი საქმის ყოფილი გამომძიებელი ლევან გენგაშვილი, რომელიც ამაყობდა, რომ მე გავაკეთე ეს საქმეო, დაინიშნა ისან-სამგორის სამმართველოს უფროსად. მივაკითხე, ქვემოდან რომ დავუძახე, ვინც ვიყავი, არ მიმიღო. ვუთხარი, 10 წუთი გაქვს, ან მიმიღებ, ან მანდ აღარ იჯდები-მეთქი. წრეებს არტყამდნენ ისან-სამგორის პოლიციას. დაიცალა შენობა. ერთი საათი დედა ვაგინე კაბინეტში, ვეუბნებოდი: შენ შვილები გყავს-მეთქი? ან დაიფიცე, თუ მე ეს დანაშაული ჩადენილი მქონდა, უკანასკნელი კაცი ვიყო, გავალ, ბოდიშს მოგიხდი-მეთქი. თუ არადა… იქ მე მას სიტყვები ვუთხარი, ეს დარბაზი არ არის ამის ღირსი, გავიმეორო. ეს ამბავი მიმდინარეობდა დაახლოებით 55 წუთი. ეს იცის მთელმა თბილისმა და მთელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამის მერე მოხდა კიდევ ერთი კაცის “მგლის ბილეთით” გაშვება იმ ჯგუფიდან. ნელა-ნელა მტკიცებულებების სახით კიდევ მივცემ ჯაბა ხულორდავას კავშირებს დღევანდელ თანამდებობის პირებთან, ძველებს რომ არ მოვყვე.

მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, დროზე გაიწმინდოს კადრები ძველი ურჩხულებისგან. თუ ეს დანაშაული მე ჩადენილი მაქვს, მაშინ მომისაჯეთ, რამდენი წელიც გინდათ. მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მითხრან, უვადო მუხლს მოგისჯიანო, არც საპროცესოზე წავალ. შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, სამართლიანობას მაინც დავაყენებ, აღარც ჩადება იქნება, აღარც დაბრალება და არაფერი იქნება. მე მაშინაც ბევრი ალტერნატივა მქონდა. ამნისტიის პირველი სიიდან რომ ჩემი გვარი გაქრა, იმის მერე სამჯერ მომიტანეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საბუთი და სამჯერვე უარი ვთქვი, რაც დავადოკუმენტე. ამნისტიის მეორე აქტის მერე სია რომ აღარ შედგა, ეს საბუთები გამოიყენა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეწყალებისთვის. ასეთი დასკვნა არცერთი პოლიტპატიმრის საქმეში არ დევს.”

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ირაკლი ქორიძემ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში რამე დანაშაული ჩაუდენია, 2013 ან 2014 წელს იყო, როცა მისი საქმის გამომძიებელს აგინა იმის გამო, რომ ტყუილად ჩასვა ციხეში, შემდეგ კი ამაყობდა ამით. ირაკლი ქორიძე, ისევე როგორც გიორგი გიორგანაშვილი, ბრალდებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი