ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი

4 აპრილი, 2018 • 1935
მამუკა მდინარაძე: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვების თაობაზე არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი.

“გადაწყვეტილება იქნა მოღებული შემდეგნაირად, მეორე კანდიდატურა, რომელიც წარმოადგინა სახალხო დამცველმა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, ხოლო ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, ეს საშუალება არ წაერთმია უმცირესობისათვის და მხოლოდ ამის გამო უმრავლესობის დატოვება მიმაჩნია შეცდომად”, – ამბობს მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის უმრავლესობის დეპუტატებმაც, წინააღმდეგ 12 წავიდა.

პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება დატოვოს. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევაა.

“ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით, რაც ვთქვი ჟურნალისტებთან. შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან და დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი