ახალი ამბები

კილაძის მოსაზრებით, ფოფხაძემ უმრავლესობიდან გასასვლელად კაკაბაძის ბორდში არჩევა მოიმიზეზა

4 აპრილი, 2018 • 2010
კილაძის მოსაზრებით, ფოფხაძემ უმრავლესობიდან გასასვლელად კაკაბაძის ბორდში არჩევა მოიმიზეზა

პარლამენტარი სოფო კილაძე ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას მიიჩნევს, რომ მის თანაგუნდელ გედევან ფოფხაძეს უმრავლესობის დატოვების სხვა მიზეზები ჰქონდა, ხოლო ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა იყო მხოლოდ საბაბი, რომელიც მოიმიზეზა.

ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, როდესაც გუნდის წევრი აკეთებს განცხადებას გუნდის დატოვების შესახებ. ეს მისი გადაწყვეტილებაა. არ მგონია, რომ ეს თემა, რასაც ჰქვია ნინია კაკაბაძის არჩევა ამ კონკრეტულ პოზიციაზე, არის ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევდეს გუნდიდან გასვლის. უფრო მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს საბაბი გუნდის დატოვების და არა მიზეზი. მიზეზები ალბათ სხვა არის.

პირდაპირ გეტყვით, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას არც მე ვემხრობი. მგონია, რომ ეს ქალბატონი არ არის ობიექტური და მიკერძოებულია. ჩემი აზრით, ის ატარებს “ნაციონალების” ინტერესებს, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის არჩევანი და კვოტა. მგონია, რომ ოპოზიცია ვერასდროს წარმოადგენს ისეთ კანდიდატურას, რომელიც იქნება ობიექტური და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. ეს მათი პასუხისმგებლობა და მათი კვოტაა – თვითონ აგონ ხალხის წინაშე პასუხი,” – განუცხადა ტვ “პირველს” პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

კითხვაზე, თუ არა ნინია კაკაბაძის ბორდის წევრად არჩევა, რა შეიძლება ყოფილიყო გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლის მიზეზი, სოფო კილაძე პასუხობს:

“მე ამაზე, ბუნებრივია, დეტალურ განცხადებას არ გავაკეთებ. ეს არ არის საკითხი, რომელიც, მე მგონი, საჯაროდ განსახილველია. ანუ, გუნდის საკითხები არის გუნდის საკითხები. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი. თუ ვინმეს უნდა გუნდის დატოვება, ესეც, რა თქმა უნდა, მისი არჩევანია. დემოკრატიული გუნდი ვართ და ყველას აქვს უფლება, გავიდეს გუნდიდან, თუ საჭიროდ ჩათვლის ამას.”

ნინია კაკაბაძის გამო გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს

“შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან და დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.

განახლება – 15:00 საათი

სატელევიზიო და ონლაინ მედიაში ფოფხაძის სხვადასხვა კომენტარი გავრცელდა მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. იმის დასაზუსტდებლად, ნამდვილად ტოვებს თუ არა დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას ნეტგაზეთი მას მოგვიანებით ისევ დაუკავშირდა. დეპუტატი ამბობს, რომ დამატებით მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღარაფრის დაზუსტებას აპირებს. ნეტგაზეთმა ფოფხაძეს ჰკითხა, არის თუ არა შანსი, რომ მან საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვოს?

“ნაკლებად სარწმუნოა [რომ გადავიფქრო დატოვება]… მერე თუ ვიტყვი, რომ გულმოსულზე ვთქვი-მეთქი, მაგის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ, რომ გულმოსულ ნათქვამს დავაბრალო, ის რაც ვთქვი. რაც ვთქვი, ვთქვი”, – ამბობს დეპუტატი.

“არ ვაცხადებ არაფერს დამატებით. გარკვეული დროის შემდეგ მშვიდად გამოვალ და საზოგადოების წინაშე ჩემს პოზიციას ჩამოვაყალიბებ”.


პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ და ია მამალაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღეს. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს. პირველ კენჭისყრაზე პარლამენტმა კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, ხოლო დღეს აირჩია.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა – უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დევდარიანის ნაცვლად ომბუდსმენმა პარლამენტს იზაბელა ოსიპვას კანდიდატურა დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი