თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევისთვის €800 000 დაიხარჯება

მერიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ფრანგულ კომპანია “სისტრას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 15 თვეში მერიას თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

კომპანია “სისტრამ” უნდა შეისწავლოს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და ახალი მარშრუტები დაგეგმოს. მათ შორის უნდა შეიმუშაოს მეტროს მუშაობის სპეციფიკაც.

ამავე საკითხზე: თბილისის მეტროში ‘შტადლერის’ მატარებლების შემოყვანაზე ვმუშაობთ – კალაძე

“ამ კვლევით გვექნება სურათი, როგორ უნდა გადავანაწილოთ ქალაქში საავტობუსო ხაზები, როგორ უნდა მოდიოდეს თანხვედრაში მეტროსთან, როგორ უნდა მოდიოდეს თანხვედრაში ყვითელ მიკროავტობუსებთან. იმ ქაოსს, რომელიც არის ქალაქში, ამ პროექტის განხორციელებით შევცვლით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხელშეკრულების მიხედვით, “სისტრამ” უნდა შეიმუშაოს მარშრუტის რუკები, განსაზღვროს მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების საჭირო რაოდენობა, გაჩერებების განრიგი, გაჩერებების არეალი.

მერიაში აცხადებენ, რომ “სისტრას” შემუშავებული გეგმა, ქუჩათა ქსელისა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული მონაცემების გათვალისწინებით, დაეხმარება მერიას ტრანსპორტის მოძრაობის მოდელირებაში. ეს მონაცემები მერიას ასევე დაეხმარება ახალი მშენებლობების დაგეგმვისას სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის უბნების მომსახურების შემუშავებაში.

მერიაში აცხადებენ, რომ “სისტრას” რეკომენდაციის საფუძველზე მერიას ექნება ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ახალი ავტობუსი სჭირდება თბილისს.

პროექტის ღირებულება 800 000 ევროა, საიდანაც 500 000 ევროკავშირის გრანტია, ხოლო 300 000 ევრო- მერიის დაფინანსება. ხელშეკრულების განმახორციელებელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

თბილისში არსებულ 101 მარშრუტს დაახლოებით 530 ავტობუსი ემსახურება. თბილისის მერია უახლოესი 4 წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, მათგან 100 ავტობუსი 2018 წლის ბოლომდე შეემატება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com