ახალი ამბები

უნებართვო გარევაჭრობა თბილისში: შესაძლოა, ჯარიმები გაიზარდოს

3 აპრილი, 2018 • 3112
უნებართვო გარევაჭრობა თბილისში: შესაძლოა, ჯარიმები გაიზარდოს

პარლამენტის კანონპროექტის მიხედვით, თბილისში უნებართვო გარევაჭრობაზე ჯარიმები იზრდება.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, უკანონო გარევაჭრობის შემთხვევაში, 50-ლარიან ჯარიმასა და საგნის კონფისკაციას ექვემდებარება. ამ დროისათვის არსებული კანონმდებლობით, რომელიც თბილისის გარდა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოიცავს, იგივე კანონდარღვევა 20-ლარიანი ჯარიმითა და საგნის კონფისკაციით ისჯება.

დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, პირი 300 ლარით დაჯარიმდება. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულზე ჯარიმა მხოლოდ 100 ლარია.

თუ პირი იმავე ქმედებას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან ერთად ჩაიდენს, 200-ლარიანი ჯარიმა, საგნის კონფისკაცია ან 7 დღემდე პატიმრობა ელის. ამჟამინდელი კანონმდებლობით ეს დანაშაული 50-ლარიან ჯარიმას ექვემდებარება, პატიმრობის ვადა კი იგივეა.

თუ უკანონო გარევაჭრობისას პირი სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელ საშუალებას გამოიყენებს, 1 000-ლარიანი ჯარიმითა და საგნის კონფისკაციით დაისჯება. თუ აღნიშნულს ერთვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა, პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება ან 7 დღემდე პატიმრობით დაისჯება.

კანონპროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26 აპრილს განიხილავენ. მისი ავტორები მმართველი გუნდის დეპუტატები: ზაზა გაბუნია, მარიამ ჯაში, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ალექსანდრე ქანთარია არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი