ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო GEM FEST 2018-ს მიწას იჯარით არ მისცემს

3 აპრილი, 2018 • 2232
სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო GEM FEST 2018-ს მიწას იჯარით არ მისცემს

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო GEM FEST 2018-ს ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიწის იჯარით გაცემაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ “ნეტგაზეთს” წერილობით მიაწოდა.

კომპანია [შპს „ჯი ემ ეფ“] თავის წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ ფესტივალის ჩატარებას 9 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით გეგმავდნენ და ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდული იყო. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე ელექტორნული ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან ბილეთების რეალიზაციის პროცესი და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი გამოიწვევს ქართველი და უცხოელი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას,” – ნათქვამია უწყების წერილში.

ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს “Check in Georgia”-ს ფარგლებში, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიაზე დაგეგმილია რამდენიმე მუსიკალური აქტივობა, მათ შორის, ერთი ხანგრძლივი – 4-დღიანი ღონისძიება.

“ტერიტორიაზე, ასევე, დაგეგმილია ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნია შპს “ჯი ემ ეფ-ის” მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიის GEM FEST 2018-ის ჩასატარებლად გადაცემის თაობაზე,” – აცხადებს სააგენტო.

როგორც GEM FEST 2018-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, თუ მთავრობა ფესტივალის ჩასატარებლად ორგანიზატორებს მიწას იჯარით არ გადასცემს, ფესტივალს აფხაზეთში ჩაატარებს. “ნეტგაზეთმა” სცადა გიორგი სიგუასთან დაკავშირება, რათა გაერკვია, დაიწყო თუ არა აფხაზეთის მხარესთან მოლაპარაკება ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა მას ვერ დავუკავშირდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი