თბილისში სტენსილების, ნახატების, წარწერების განთავსებისთვის ჯარიმები შესაძლოა გაიზარდოს

პარლამენტში დარეგისტრირებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმა იზრდება.

დედაქალაქის ტერიტორიაზე (ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სავალ ნაწილენზე) სხვადასხვა სახის წარწერებისა და ნახატების განთავსებისთვის, ასევე პლაკატებისა და ბანერების შეუსაბამო ადგილას გაკვრისთვის 200 ლარით დაჯარიმდებით. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ათასლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ამ დროისთვის არსებული კანონით, რომელიც არა კონკრეტულად თბილისზე, არამედ ყველა თვითმმართველ ერთეულზე ვრცელდება, იგივე ქმედება 50 ლარით ჯარიმდება, მისი განმეორებით ჩადენა კი – 500 ლარით. ახალ კანონპროექტში თბილისის გარდა სხვა ადგილებში ჯარიმების ოდენობის გაზრდა ნახსენები არ არის.

კანონპროექტით, თუ ნახატებს, წარწერებსა და სიმბოლოებს თვითნებურად განათავსებთ ადმინისტრაციული შენობების ფასადებზე ან მათ მიმდებარედ, 1 000 ლარით დაგაჯარიმებენ. მისი განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში 2 000-ლარიანი ჯარიმა, საჭიროების შემთხვევაში კი 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. ამ დროისთვის მოცემული ქმედება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისიწნებს, განმეორება კი – 1 000 ლარს. მცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, რომელიც ამ დროისთვის 30 დღეა.

იგივე ქმედებების ჩადენა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების მიმართ ასევე ათასლარიან ჯარიმას ითვალისიწნებს, მისი გამეორების შემთხვევაში კი – 2 000 ლარიანს. მოცემული მუხლი მოქმედი კანონმდებლობისგან არ განსხვავდება.

ყველა მოცემულ შემთხვევაში, 10 დღეში დარღვევის გამოუსწორებლობა 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ის არსებულ კანონმდებლობაში ორჯერ ნაკლებია.

კანონპროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26 აპრილს განიხილავენ. მისი ავტორები მმართველი გუნდის დეპუტატები: ზაზა გაბუნია, მარიამ ჯაში, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ალექსანდრე ქანთარია არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან