აუქციონის პირობებით, “დმანისის გადარჩენის ფონდი” ვალდებულია ნაყიდი ხე გადაიტანოს

სახელმწიფოს მიერ  მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხის აუქციონი  “დმანისის გადარჩენის ფონდის” გამარჯვებით დასრულდა. ფონდში, რომელიც 14-მდე პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს ამბობენ, რომ 20 020 ლარს გადაიხდიან და ხეს მწვანე კონცხში, იმავე ადგილზე დატოვებენ, სადაც ახლა მდეობარეობს.

თუმცა, ელექტორნული აუქციონის პირობებში ვკითხულობთ, რომ “მყიდველი ვალდებულია თანხის სრულად გადახდის დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან”.

როგორც “დმანისის გადარჩენის ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ფონდი გეგმავს, თანხა გადაიხადოს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართოს, რათა ხე იმავე ადგილზე დარჩეს.

მიუხედავად ამისა, “ნეტგაზეთს” სააგენტოს ცხელ ხაზზე განუხადეს, რომ თუ მყიდველი აუქციონში მითითებულ მოთხოვნას დადგენილ ვადაში არ შეასრულებს, არსებული კანონმდებლობით, შეიძლება ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის საფუძველი გახდეს.

როგორც “ნეტგაზეთს” სააგენტოს ცხელ ხაზზე განუცხადეს, ასეთ შემთხვევაში, მყიდველს ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა და დაუწესდება პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისი ლოტის სრული სარეალიზაციო/საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

იმ შემთხვევაში კი,  თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე.

ხელშეკრულების პირობები

1.ინტერნეტაუქციონის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში:

ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ არ სარგებლობს ,,ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, დაუწესდება პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისი ლოტის სრული სარეალიზაციო/საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ჯამში, არანაკლებ 1 ლარისა.

გ) ქონების სპეციფიკისა და განთავსების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით რეალიზების/პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია განისაზღვროს ქონების გატანის უფრო ხანგრძლივი ვადა (რაც მითითებული იქნება სააუქციონო განაცხადში).

დ) თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევისთვის დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

 

 

მოხდება თუ არა მყიდველის თხოვნის გათვალისწინება ხის იმავე ადგილზე დატოვების შესახებ და ჩაითვლება თუ არა მის გადატანაზე უარი აუქციონის პირობების დარღვევად, ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საააგენტოს ოფიციალურადაც მიმართა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


სახელმწიფოს მიერ  მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხის აუქციონი პოლიტიკოსების გამარჯვებით დასრულდა. ხე “დმანისის გადარჩენის ფონდმა” 20 020 ლარად იყიდა. აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება  7 000 ლარი იყო. აუქციონის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ფონდი 10 დღეში თანხას არ გადაიხდის (ამ შემთხვევაში  20 020 ლარს), მაშინ აუქციონში მონაწილე პირს საგარანტიო თანხა 2 800 ლარი უკან აღარ დაუბრუნდება. ეს ვადა, ამ აუქციონის შემთხვევაში, 5 აპრილს იწურება.

“დმანისის გადარჩენის ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ ფონდი ევკალიპტის საფასურს გადაიხდის და ხე ისევ იმ ტერიტორიაზე, მწვანე კონცხზე დარჩება. თანხის შესაგროვებლად ფონდმა ანგარიში გახსნა.

“დმანისის გადარჩენის ფონდი” 14-მდე პოლიტიკური პარტიისგან შედგება. ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია. “დმანისის გადარჩენის ფონდში” ეჭვობდნენ, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

მანამდე “დმანისის გადარჩენის ფორნდმა” საყდრისის საბადოს მიმდებარედ, 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ის თანხაა, რომლის გადახდაც ტერიტორიის განკარგვისთვის აუქციონში გამარჯვებულ მხარეს ყოველწლიურად მოუწევს. თუ გამარჯვებული მხარე აუქციონის ბოლოს დაფიქსირებულ თანხას არ გადაიხდის, ის აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილ საგარანტიო თანხას დაკარგავს, რომელიც ამ შემთხვევაში 3 750 ლარს შეადგენდა.

დმანისში 16 ჰა მიწის ასაზომად პოლიტიკოსები დღეს ჩავიდნენ. ტერიტორიის დათავლიერების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანია RMG-ის კუთვნილი ტექნიკა იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, შენობა-ნაგებობების ნაწილი კი აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, რაც კანონდარღვევაა, რადგან მასზე RMG-ს არანაირი უფლება არ გააჩნია. ამ საკითხზე “დმანისის გადარჩენის ფონდი” გეგმავს პროკურატურას მიმართოს.

კომპანიას იმ ტერიტორიის განკარგვაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, “საყდრისის დაცვის კომიტეტიც” ადანაშაულებდა, თუმცა მაშინ RMG ბრალდებებს უარყოფდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.