ახალი ამბები

პროკურატურამ შსს-ს 5 ყოფილი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

3 აპრილი, 2018 • 1944
პროკურატურამ შსს-ს 5 ყოფილი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  5 ყოფილი თანამშრომელი -სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყება გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს,  2012 წლის 9 ოქტომბერს და 18 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე  – „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“- ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) არსებითი დარღვევა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო დაადგინა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მომჩივანთა დაკავებისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს. გარდა ამისა, სასამართლომ მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც დაადგინა, რის საფუძველზეც ქართულმა მხარემ  გამოძიება დაიწყო.

მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს დაზარალებული და მისი მეგობრები. შემოწმების პროცესში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორებმა გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს. ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სახისა და ტანის არეში,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლების ქმედება დაკავებისას პროპორციული გამოსაყენებელი ძალის ფარგლებს სცდებოდა. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ დაკავებულ ორ პირს, რომლებიც შემდგომ თბილისის მეორე დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი და ადგილზე მყოფი სხვა თანამშრომლებიც.

რაც შეეხება “დვალიშვილის საქმეს”,  2006 წლის 27 დეკემბერს, წყალტუბოს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 9 აპრილის ქუჩაზე ეჭვმიტანილის სახით დააკავეს ერთ პირი, რომელიც  წყალტუბოს შს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდნენ. კერძოდ, თავის, სახის, ხელებისა და ფეხების არეში სცემდნენ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.  განხორციელებული ძალადობის გამო, დაზარალებული იძულებული გახდა წლების განმავლობაში ჩაეტარებინა სხვადასხვა სარეაბილიტაციო მკურნალობა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით.

შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს უკვე წარედგინათ ბრალდება და საგამოძიებო უწყება მიმართავს სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი