ახალი ამბები

ადვოკატი: ბახალას საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს

3 აპრილი, 2018 • 1911
ადვოკატი: ბახალას საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) წინააღმდეგ ახალ ბრალდებაზე სასამართლო მსჯელობას 21 მაისს დაიწყებს. ამის შესაებ “ნეტგაზეთს” ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა. გიორგი გიორგანაშვილს (“ბახალას”), რომელიც ნარკოდანაშაულზე უკვე არის მსჯავრდებული და 8 წელი აქვს მისჯილი, ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვისაც წარუდგინეს.

როგორც გიორგანაშვილის ადვოკატი, გიორგი მახარაძე ამბობს, საქმეში არ არის ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ვითარებას კარდინალურად შეცვლის:

მე პასუხი არ მაქვს, რამ გამოიწვია ამდენი ხნის შემდეგ გიორგანაშვილისთვის ბრალის წარდგენა. ეჭვები მაქვს, რომ ზოგადად ასე ცდილობს ხოლმე სახელმწიფო, გადაფაროს სხვა პრობლემები. ბერძენიშვილის ამბავზე, მაგალითად, გასულ კვირას გარკვეული უკმაყოფილება დაგროვდა საზოგადოებაში და ამით შეეცადნენ გადაეფარათ ეს ამბავი – ესაა ჩემი ვერსია,” – ამბობს ადვოკატი.

საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ამონაწერი და 10-მდე მოწმის ჩვენებაა. ადვოკატის თქმით, ის ფაქტი, რომ გიორგანაშვილი ქორიძეს იქნობდა, საიდუმლო არასოდეს ყოფილა და ისინი ბიზნესპარტნიორები იყვენენ. კერძოდ, ე.წ. ელექტროსიგარეტების მაღაზიის გახსნას გეგმავდნენ:

საქმეში არაფერი ახალი არაა. შემავალი და გამავალი ზარები ადასტურებს, რომ ბახალას და ქორიძეს კონტაქტი ჰქონდათ, ეს არასდროს ყოფილა საიდუმლო. ყოვლეთვის  ვამბობდით, რომ იცნობდნენ ერთმანეთს და ბახალასთვის ნარკოტიკების ჩადება მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ეთანამშრომლა ქორიძესთან მიმართებით, ” – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ადვოკატი აცხადებს, რომ ჯაბა ხულორდავას გარდა, გიორგანაშვილის წინააღმდეგ არცერთი მოწმე ჩვენებას არ აძლევს. ბრალდების ვერსიით, სწორედ ჯაბა ხულორდავაა ის პირი, ვისაც ირაკლი ქორიძის დავალებით, ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც გიორგანაშვილისგან მიიღო, თურქეთიდან საქართველოში უნდა შემოეტანა.

როგორც საქმის პროკურორი “ტელეკომპანია რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ხულორდავამ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა:

ჯაბა ხულორდავას პირველი კონტაქტი როცა ჰქონდა სამართალდამცავ უწყებებთან, კერძოდ, როდესაც მოხდა მისი ჩხრეკა და რეანოობილიდან ნარკოტიკული საშუალებების ამოღება, მან მაშინვე დააფიქსირა შესაბამის ოქმზე, რომ ეს აბები ეკუთვნოდა მას, გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს.

მას შემდეგ, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჯაბა ხულორდავას შეხვდნენ ირაკლი ქორიძის დაქირავებული ადვოკატები, მათი მითითებითა და მცდელობის შედეგად მისცა ჯაბა ხულორდავამ ეს მცდარი ჩვენება გამოძიებას, მაგრამ იგი მალევე მოეგო გონს და, შესაბამისად, სასამართლოზე დააფიქსირა ის ჩვენება, რომელსაც თავიდანვე განმარტავდა,” – ამბობს პროკურორი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბახალასთვის ახალი ბრალის წაყენების შესახებ 30 მარტს გამართულ ბრიფიგზე განაცხადა. უწყებაში აცხადებენ, რომ გახსნეს 2017 წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმე და დააკავეს ორგანიზატორი.  ამ ბრალდებით უწყებამ ირაკლი ქორიძე დააკავა, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქორიძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ბრალს არც ბახალა აღიარებს. დღეს, 3 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომლის მიზანიც წინასასამართლო სხდომის თარიღის დანიშვნა იყო, გიორგანაშვილმა განაცხადა, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:

“არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას და გულით მრცხვენია იმ პარლამენტარების და იმ სისტემის, რომელიც ასე უაზროდ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც ამდენი წელია ცდილობს ნარკოპოლიტიკის შეცვლას. პრეზიდენტის დისკრედიტაციას, რომელიც ყოვლად უსამართლოა. ჩემი საქმით ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა” – თქვა “ბახალამ” სასამართლო პროცესზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი