ახალი ამბებისაზოგადოება

დმანისის გადარჩენის ფონდი: აუქციონზე შეძენილი ხის თანხის ნახევარზე მეტი უკვე შეგროვდა

3 აპრილი, 2018 • 2269
დმანისის გადარჩენის ფონდი: აუქციონზე შეძენილი ხის თანხის ნახევარზე მეტი უკვე შეგროვდა

“დმანისის გადარჩენის ფონდმა”, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს, აუქციონზე შეძენილი ევკალიპტის ხის ღირებულების ნახევარზე მეტი შეაგროვა. ამის შესახებ ნეტაზეთს “ახალი საქართველოს” წევრმა, თამთა შამათავამ განუცხადა. ხის საფასურის გადახდის ბოლო ვადა 5 აპრილია.

სახელმწიფოს მიერ  მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხის აუქციონი პოლიტიკოსების გამარჯვებით დასრულდა. ხე “დმანისის გადარჩენის ფონდმა” 20 020 ლარად იყიდა. აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება  7 000 ლარი იყო. აუქციონის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ფონდი 10 დღეში თანხას არ გადაიხდის (ამ შემთხვევაში  20 020 ლარს), მაშინ აუქციონში მონაწილე პირს საგარანტიო თანხა 2 800 ლარი უკან აღარ დაუბრუნდება. ეს ვადა, ამ აუქციონის შემთხვევაში, 5 აპრილს იწურება.

“დმანისის გადარჩენის ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ ფონდი ევკალიპტის საფასურს გადაიხდის და ხე ისევ იმ ტერიტორიაზე, მწვანე კონცხზე დარჩება. თანხის შესაგროვებლად ფონდმა ანგარიში გახსნა.

“დმანისის გადარჩენის ფონდი” 14-მდე პოლიტიკური პარტიისგან შედგება. ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია. “დმანისის გადარჩენის ფონდში” ეჭვობდნენ, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

მანამდე “დმანისის გადარცენის ფორნდმა” საყდრისის საბადოს მიმდებარედ, 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ის თანხაა, რომლის გადახდაც ტერიტორიის განკარგვისთვის აუქციონში გამარჯვებულ მხარეს ყოველწლიურად მოუწევს. თუ გამარჯვებული მხარე აუქციონის ბოლოს დაფიქსირებულ თანხას არ გადაიხდის, ის აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილ საგარანტიო თანხას დაკარგავს, რომელიც ამ შემთხვევაში 3 750 ლარს შეადგენდა.

დმანისში 16 ჰა მიწის ასაზომად პოლიტიკოსები დღეს ჩავიდნენ. ტერიტორიის დათავლიერების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანია RMG-ის კუთვნილი ტექნიკა იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, შენობა-ნაგებობების ნაწილი კი აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, რაც კანონდარღვევაა, რადგან მასზე RMG-ს არანაირი უფლება არ გააჩნია. ამ საკითხზე “დმანისის გადარჩენის ფონდი” გეგმავს პროკურატურას მიმართოს.

კომპანიას იმ ტერიტორიის განკარგვაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, “საყდრისის დაცვის კომიტეტიც” ადანაშაულებდა, თუმცა მაშინ RMG ბრალდებებს უარყოფდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი