ვინ არის თამაზ სომხიშვილი, რომელიც წყნეთში სასახლეს იშენებს

წყნეთში, ყოფილი სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე, ქართველი მილიონერი თამაზ სომხიშვილი საზაფხულო რეზიდენციას იშენებს.

აღწერის მიხედვით, შენობა ორსართულიანია, დაპროექტებულია მართკუთხა ფორმით, ტერასებით, ბრტყელი საექსპლუატაციო  სახურავით.

სახლს მთავარი შესასვლელი სამხრეთ ფასადის მხრიდან  აქვს, ასევე, ორი ტექნიკური შესასვლელი აღმოსავლეთი მხრიდან: ერთი – ცოკოლის სართულის დონეზე  – მომსახურე პერსონალისთვის; მეორე – პირველი სართულის დონეზე – სახლის მცხოვრებლებისთვის.

თამაზ სომხიშვილის რეზიდენცია, პროექტი

შენობას კიდევ ერთი გასასვლელი აუზის შენობიდან აქვს, რომელიც უშუალოდ აუზიდან ეზოს შიდა ტერასებზე გასვლისათვისაა გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით, პირველი სართული აქტიური გართობისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს წინოთახს, გარდერობის ოთახს, წარმომადგენლობით დარბაზებს, კაბინეტს, საბილიარდოს, შემოქმედებით სტუდიას, სამზარეულოს, საოჯახო სასტუმრო ოთახს, ტერასას საუზმისთვის. ეზოს მხრიდან ფართო ტერასაა მასობრივი ღონისძიებებისთვის. ტერასა განლაგებულია აუზის საექსპლუატაციო სახურავზე. ტერასიდან ორი კიბით შესაძლებელია შიდა ბაღში ჩასვლა.

მეორე სართული განკუთვნილია მშვიდი დასვენებისა და გართობისთვის. სართულზე დაპროექტებული აპარტამენტები სააბაზანო ოთახით და გარდერობის ოთახით სახლის მფლობელებისთვის, საძინებელი ოთახები ბავშვებისთვის სააბაზანო ოთახით და გარდერობის ოთახით, საცხოვრებელი ოთახები სააბაზანოთი, სამი სასტუმრო ოთახი სანიტარული კვანძებით.

ცოკოლის სართული ითვალისწინებს ტექნიკური დანიშნულების სათავსოების, სამრეცხაოს და პერსონალის ოთახების განთავსებას. ცოკოლის სართულზე განლაგებულია აუზი (სიგანე – 4,7 მ, სიგრძე –16,5 მ, სიღრმით 1,8 მ), გამოსაცვლელი ოთახი, სპორტული დარბაზი, სააბაზანო ოთახები ჰიდრომასაჟით ბავშვებისა და უფროსებისთვის, BODY SPA SALON, აბაზანა.

თამაზ სომხიშვილის რეზიდენცია, პროექტი

ორსართულიანი შენობა აღჭურვილი იქნება მრუდწირული კიბითა და ლიფტით.  შენობის მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულია მუქი ფერის გრანიტი, დამუშავებული ტრავერტინი, ტრავერტინის ფაქტურის ბუნებრივი ქვა. სასახლის გარდა, ასევე შენდება ცალკე სახლი მოსამსახურეებისა და დაცვის წევრებისთვის.

პროექტის ავტორი არის ალექსანდრ ლეონოვი, უკრაინული კომპანია “ლეონოვ არქიტექტსის” წარმომადგენელი. ამ ტერიტორიაზე მშენებელობის ნებართვის მისაღებად ნაკვეთის ზონალური ცვლილების შეთანხმებაზე 2010 წელს, გიგი უგულავა მერობის დროს, გასცეს.

თამაზ სომხიშვილის რეზიდენცია, პროექტი

მოსამსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი სახლის ასაშენებლად საჭირო გახდა ხეების მოჭრა, თბილისის გამწვანების სამსახურმა 2018 წლის 14 მარტს გასცა ნებართვა ხეების მოჭრაზე, რის სანაცვლოდაც სომხიშვილმა 15 680 ლარი გადაიხადა.

წყნეთში სომხიშვილი 5 ნაკვეთს ფლობს, რომლებიც ერთიანად 29 958 მ2 ფართობის ტეროტორიას ქმნის.

ინფორმაცია თამაზ სომხიშვილის რეზიდენციის მშენებლობის შესახებ თავდაპირველად 2020news-მა გაავრცელა.

რა ვიცით თამაზ სომხიშვილის შესახებ

თამაზ სომხიშვილი 1957 წლის 22 ივნისს დაიბადა საქართველოში. იგი 30 წელია ბიზნესშია ჩართული და მისი ბიზნესსაქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს უკავშირდება.

სომხიშვილი 1995 წელს კომპანია “რუსული ნავთობის ექსპორტის” დამფუძნებლად ფიქსირდება. სომხიშვილის ბიზნესსაქმიანობა ინდუსტრიულ და სამოქალაქო განვითარებას და მიწათმოქმედებას უკავშირდება. 

სომხიშვილი “ეაფლეინ ტექნიქსის” მთავარი ინვესტორია, რომელიც აფინანსებს სტუდენტურ პროექტს “თს ფონდისა” და გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

2016 წლის 13 მაისს ლონდონში სტუმრად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თამაზ სომხიშვილს ლონდონში ეკლესიის გამოსყიდვისა და საპატრიარქოსთვის გადაცემისთვის. თამაზ სომხიშვილს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა აქვს.

თამაზ სომხიშვილი 2015 წელს იყო საქართველოს ბიზნესასოციაციის გამგეობის წევრი. არის საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი. საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ის ერთი კომპანიის – “პრაიმ ბიზნესი გრუპის” მეწილეა.

თამახ სომხიშვილი ილია მეორესთან ფოტო: კადრი ქართული არხის ვიდეოდან

2015 წელს იგი ჩართული იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის გახსნაში, ამბობდა, რომ მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოვიდა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხზე შეხვდა ილია მეორესაც, განაცხადა, რომ მას უყვარს კათოლიკოს-პატრიარქი.

“[ილია მეორე] ყოველთვის მეუნებოდა, თამაზ, იქნებ, აიღო სოფელი და ამ სოფელს მიხედო… მე ვუთხარი, რომ ერთი სოფელი საქართველოს ვერ უშველის”, – განაცხადა ამ შეხვედრის შემდეგ სომხიშვილმა.

ამავე შეხვედრის შემდეგ სომხიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული “ქართული ოცნებისგან” შედგება, ბევრს აკეთებს და ოპოზიციას ნაკლებ კრიტიკას ურჩევს.

“დღევანდელი მთავრობა ბევრს აკეთებს, მაგრამ არის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც მარტო კრიტიკაშია. მივმართავ კიდევ ხალხს… ხალხო, სანამ ვინმეს გავაკრიტიკებთ და პირველ რიგში, მთავრობას, თქვენს თავს შეხედეთ და შეეკითხეთ, დღეს რა გავაკეთე… მე ვიცი, რომ მთავრობის მხრიდან მივიღებ მხარდაჭერას იმიტომ, რომ დღევანდელი მთავრობა ზრუნავს თავისი ხალხის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა თამაზ სომხიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com