ახალი ამბები

დევდარიანი “მრავალჯერადი გულის” შემდეგ კიდევ ერთი წიგნის დაწერას გეგმავს

3 აპრილი, 2018 • 3237
დევდარიანი “მრავალჯერადი გულის” შემდეგ კიდევ ერთი წიგნის დაწერას გეგმავს

ზვიად დევდარიანი, რომელსაც რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას აღარ გეგმავს. მას შემდეგ კი, რაც სამართლებრივი დავა დასრულდება, ამ ყველაფრის შესახებ წიგნს დაწერს:

“ალბათ, არაფრის მოგონება არ დამჭირდება, თავისუფლად შეიძლება ამ ყველაფრის წიგნის ფურცლებზე გადატანა” – ამბობს დევდარიანი.

ეს განცხადება “სიდას” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც საკუთარი პატივისა და ღირსების დასაცავად სამართლებრივი დავის დაწყების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა. “ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებაც.

ერთ-ერთ ასეთ ისტორიაში ზვიად დევდარიანის წიგნიც ფიგურირებს. როგორც “ნეტგაზეთის” რესპონდენტი ამბობს, დევდარიანი მის დათანხმებას რუსთავში მდებარე ოფისში წაყოლაზე სწორედ საკუთარი წიგნით ცდილობდა.

“ნეტგაზეთი” ამ ისტორიას სრულად გთავაზობთ:

“2016 წელს სამსახურის ძიებაში ვიყავი. რატომღაც ამოჩემებული მქონდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა მინდოდა. რისერჩს ვაკეთებდი, გუგლიდან რამდენიმე არასამთავრობოს შესახებ ინფორმაცია ამოვკრიბე და ვაპირებდი სივის ყველგან გაგზავნას. იმ დროს “გამომწერა” და მომწერა ბატონმა ზვიადმა ინსტაგრამზე.

საკმაოდ გავლენიანი საერთო მეგობრები მყავდა სხვადასხვა არასამთავრობოდან. ფოტოებს რომ გადავხედე, მივხვდი, ვინც იყო. რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს, ჩავთვალე, შანსი მომეცა, უნდა გამოვიყენო-მეთქი და ვუპასუხე. საქმიან შეხვედრაზე დამპატიჟა იმ საღამოსვე, ყავაზე. მომწერა, რომ კონფერენციაზე იმყოფებოდა “რუმსში” და სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ შეეძლო გამოევლო და კაფეში ერთად წავსულიყავით. გამომიარა კიდეც. საქმიანი შეხვედრისთვის საკმაოდ ადეკვატურად ჩაცმული შევხვდი. წავედით სოლოლაკში – მაღლა რომ ანტრეა, იქ. უცებ აღმოჩნდა, რომ დათქმულ ადგილს გასცდა და იქვე ტყესთან გააჩერა მანქანა. “ყავა არსად გაგვექცევა, მინდა ჩემი საყვარელი ხედი განახო” – ეს სიტყვები მახსოვს და კიდევ ის, თუ როგორ დამცხა, თუმცა არ შემშინებია. უფრო დავიძაბე და გამოსავალზე ფიქრი დავიწყე. სცადა კოცნაც, ხელის შეხებაც და ჩახუტებაც. მთელი სხეულით მეკრობოდა და დაჟინებით მეკითხებოდა: “ვერ მგრძნობ? რატო ვერ მგრძნობ?!” – ყვება ქალი, რომლის ვინაობასაც ნეტგაზეტი მისი თხოვნით არ ასაჯაროებს.

“ამ სცენის გახსენებაზე ახლაც გული მერევა! პირდაპირ ვუთხარი, რომ არ ვიყავი მისით დაინტერესებული და შეყვარებული მყავდა. ამაზე კი მიპასუხა, რომ ჩემი სიჯიუტე უფრო აღაგზნებდა. აქ გადავწყვიტე, რომ უნდა ავყოლოდი თამაშში. არც ისეთი მამაცი ვიყავი, შუაგულ ტყეში მთლად ჯიბრი დამეწყო. ვუთხარი, რომ ტყისთვის სათანადოდ ჩაცმული არ ვიყავი, მციოდა და კაფეში წავსულიყავით. ამაზე დამთანხმდა და წამოვედით ანტრეში, იქვე (მანქანით არც ძალიან შორს არ იყო).

გზაში ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ოფისში წავყოლოდი – რუსთავში, რადგან თავისი წიგნის ჩუქება უნდოდა ავტოგრაფით. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. მახსოვს, გზაში რამდენჯერმე გამიმეორა, როგორ გიჟდებოდა ქალის ტერფებზე და რა დამთხვევა იყო, ღია ფეხსაცმელი რომ მეცვა. მთხოვდა, შემდეგი შეხვედრისას ზუსტად ის ფეხსაცმელი ჩამეცვა. რა თქმა უნდა, შემდეგი შეხვედრა აღარ ყოფილა!

კაფეში რომ მივედით, თვითონ ყავა შეუკვეთა, მე ფორთოხლის ფრეში. ყავას იშვიათად ვსვამ, თან იმ პერიოდში სულ ფორთოხლის ფრეშს ვსვამდი და მაგიტომ მახსოვს კარგად ეს დეტალიც. იქაც ერთი და იგივე ტექსტებს მელაპარაკებოდა, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ურთიერთობა ჰქონოდა ჩემთან. ჯიუტად მეკითხებოდა, რატომ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. იმეორებდა, როგორ სწყინდა და ბრაზდებოდა ჩემს იგნორზე. მეუბნებოდა, რომ ძალიან სექსუალური ვარ და თვალის მოშორება არ შეეძლო – დაჟინებით მაკვირდებოდა და მათვალიერებდა. ვთხოვე, სახლში წავეყვანე, ხოლო სხვა დროს მე თვითონ მივწერდი და შევხვდებოდი. დამთანხმდა და წამომიყვანა. მანქანიდან რომ გადმოვედი, გავაფრთხილე, აღარასდროს არ გამოჩენილიყო ჩემ ცხოვრებაში” – ყვება “ნეტგაზეთის” რესპონდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი