პუტინი თურქეთში ერდოღანსა და რუჰანის შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში მიემგზავრება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის თურქ და ირანელ კოლეგებს – რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და ჰასან რუჰანის შეხვდება.

ვიზიტის პირველ დღეს, 3 აპრილს, პუტინი თურქეთის სამხრეთში, მერსინის პროვინციაში ჩავა, სადაც ერდოღანთან ერთად თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის, “აკუიუს” მშენებლობას გახსნის. მას რუსეთის ატომური სააგენტო აშენებს, პირველი რეაქტორი კი მზად 2023 წელს იქნება.

ვიზიტის მეორე ნაწილის ფარგლებში კი თურქეთისა და რუსეთის პირველი პირები ანკარაში ირანის პრეზიდენტს, ჰასან რუჰანის შეხვდებიან, რომელთან ერთადაც სირიის შვიდწლიანი კონფლიქტის დასრულების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

სამმა პრეზიდენტმა სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, სოჭშიც გამართა. მაშინ ლიდერებმა ერთგვარი “კონგრესის” მოწვევის ინიციატივაც გაახმიანეს, რომელშიც სირიის სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალები შევიდოდნენ. პირველი შეხვედრა მსგავს ფორმატში 2018 წლის 30 იანვარს ასევე სოჭში გაიმართა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გახსნა. მას სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან