ახალი ამბები

დევდარიანი: ვუჩივლებ კონკრეტულ პირებს და არა – მედიას ან გაერთიანებას

3 აპრილი, 2018 • 3050
დევდარიანი: ვუჩივლებ კონკრეტულ პირებს და არა – მედიას ან გაერთიანებას

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, აცხადებს, რომ იწყებს სამართლებრივ დავას საკუთარი პატივისა და ღირსების დასაცავად. ამის შესახებ ზვიად დევდარიანმა დღეს, თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებ. მზად ვარ, ვითანამშრომლო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვარ ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში” – თქვა ზვიად დევდარიანმა.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული დევდარიანი ამბობს, რომ ის გამოდის “ფეისბუკ სასამართლოს” წინააღმდეგ და აპირებს დაადგინოს, ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.  ზვიად დევდარიანი პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შრლახვისთვის სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს. ზვიად დევდარიანის თქმით იგი მზადაა ითანამშრომლოს შსს-სთან იმ გამოძიების ფარგლებში რომელიც ადევნების მუხლით დაიწყო. დევდარიანის თქმითვე, ასევე აპირებს საგამოძიებო უწყებას თავადაც მიმართოს განცხადებით კერძო და პირადი კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის გამოძიების მოთხოვნით. სახალხო დამცველისგან კი საქმის დეტალურ შესწავლას ითხოვს.

ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ თქვა, რომ ისინი უჩივლებენ კონკრეტულ პირებს და არა – მედიას ან კონკრეტულ გაერთიანებას:

“ზვიად დევდარიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის კონკრეტული პირების წინააღმდეგ უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს. ხაზს ვუსვამ: ჩვენ არ ვუპირსპირდებით მედიას, ჩვენ არ ვუპირსპირდებით კონკრეტულ გაერთიანებებს. საუბარი არის კონკრეტულ პირებზე”.

დიმიტრი გაბუნიას თქმითვე, დევდარიანის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრად მის წარდგენას უკავშირდება. დევდარიანი სახალხო დამცველმს წარადგინა:

“ჩვენ გვაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომელიც გამყარებულია მტკიცებულებებით, რომ ეს პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყო ზვიად დევდარიანის ბორდის წევრად არჩევასთან. კონკრეტულ ჯგუფებს ეს არ უნდოდათ და ააგორეს ეს კამპანია და მიზანი იყო, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა და მიაღწიეს ამ მიზანს, ამ ადამიანების სახელების და გვარების დასახელებას, ამ ეტაპზე არ ვაპირებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”,- ამბობს ადვოკატი.

დევდარიანის ინტერესების დამცველი ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს უფრო ფართო გაგება აქვს, ვიდრე ზვიად დევდარიანის გამტყუნება ან გამართლებაა:

“ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსიტიპის შანტაჟისგან?აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია. სად გადის ზღვარი დანაშაულსა და კერძო, პრივატულ კომუნიკაციას შორის? ესაა დასადგენი და არა ის, ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება ზოგადად”

დიმიტრი გაბუნიას თქმით, ისინი ამხელენ ყველას, ვინც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა და იბრძოლებენ დევდარიანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ  მოითხოვენ ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივ დევნასაც, რომლებმაც “დაარღვიეს ზვიად დევდარიანის უფლებები”, კონკრეტულად, გაასაჯაროეს პირადი მიმოწერა და გადასცეს მესამე პირს. ადვოკატის თქმით, ისინი მოითხოვენ ყველა ამ მიმოწერის ექსპერტიზას.

თავად ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას არ აპირებს. მისივე თქმით, ამ ამბის შესახებ წიგნს დაწერს.


მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი