ახალი ამბები

ვაშაძე: RMG-ის ვუჩივლებთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ მუშაობისთვის

3 აპრილი, 2018 • 2231
ვაშაძე: RMG-ის ვუჩივლებთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ მუშაობისთვის

“დმანისის გადარჩენის ფონდის” წევრები, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს, დმანისში იმ 16 ჰა მიწის ასაზომად ჩავიდნენ, რომლის იჯარის უფლებაც აუქციონის წესით მოიგეს.

ტერიტორიის დათავლიერების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანია RMG-ის კუთვნილი ტექნიკა იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია, შენობა-ნაგებობების ნაწილი კი აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, რაც კანონდარღვევაა, რადგან მასზე RMG-ის არანაირი უფლება არ გააჩნია.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “დმანისის გადარჩენის ფონდს” ადრეც ჰქონდა, ამ ვიზიტით კი დადასტურდა, რომ კომპანია კანონდარღვევით მოქმედებს:

“მოვედით, ვნახეთ ის, რის შესახებაც გვქონდა ინფორმაცია. 16 ჰა-ზე, რომელიც არემჯის არასოდეს ეკუთვნოდა, არის განლაგებული შენობა-ნაგებობები. ასევე ვნახეთ სამსხვრევი დანადგარები, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზეა განთავსებული. მათი დემონტაჟი რამდენიმე მილიონ ლართანაა დაკავშირებული და მისი დემონტაჟი ვერ მოახერხეს” – ამბობს ნიკა მელია.

გიორგი ვაშაძის თქმით, “დმანისის გადარჩენის ფონდის” მიერ მოწვეული ექსპერტები ტერიტორიას დეტალურად აზომავენ, RMG-ის “უკანონო საქმიანობაზე” კი უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავენ:

“აქ აბსოლუტურად უკანონოდ აქვთ ქვასატეხი მოწყობილი. ეს არის სახელმწიფო საკუთრება, სადაც ერთ-ერთი მთავარი ღერძი აქვთ დაყენებული. ეს ტერიტორია არ არის მათ საკუთრებაში, აპირებდნენ აქ კიდევ ერთი აუქციონის გამოცხადებას. რაც შეეხება მიწას, რომელზეც აუქციონი იყო გამოცხადებული, იქაც შეჭრილები არიან,” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

კომპანიას იმ ტერიტორიის განკარგვაში, რომელიც მას არ ეკუთვნის, “საყდრისის დაცვის კომიტეტიც” ადანაშაულებდა, თუმცა მაშინ RMG ბრალდებებს უარყოფდა.


16 ჰა მიწის ნავეთზე, რომელიც საყდრისის საბადოს მიმდებარედაა, აუქციონის საწყისი ღირებულება 15 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოო ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ის თანხაა, რომლის გადახდაც ტერიტორიის განკარგვისთვის აუქციონში გამარჯვებულ მხარეს ყოველწლიურად მოუწევს.

აუქციონში გაიმარჯვა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. სწორედ ის დარეგისტრირდა ონლაინ აუქციონზე შემსყიდველად მას შემდეგ, რაც “დმანისის გადარჩენის ფონდს” აუქციონში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

“დმანისის გადარჩენის ფონდმა” მონაწილეობა მეორე აუქციონშიც მიიღო. პოლიტიკოსებმა ევკალიპტის ხე შეიძინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი