ავტობუსების კონტროლიორები 10 აპრილიდან დედაქალაქში პარკინგსაც გააკონტროლებენ

10 აპრილიდან ავტობუსების კონტროლიორებს დედაქალაქში პარკინგის კონტროლიც დაევალებათ. როგორც ნეტგაზეთს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, პარკინგის კონტროლისთვის ავტობუსების კონტროლიორებიდან ცალკეული ჯგუფი გამოიყოფა და მათ ორი საქმის ერთდროულად კეთება არ მოუწევთ.

მერიის გადაწყვეტილებით, “სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს. თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს, ან მომავალში როგორ მოხდება პარკირების სისტემის მენეჯმენტი.

თუმცა, როგორც სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურმა ნეტგაზეთს განუმარტა, თბილისში პარკინგის კონტროლისთვის ადამიანური რესურსი აქვთ. გარდა ამისა, მერია მზად არის, “სითი პარკის” ის თანამშრომლები მიიღოს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, კომპანიაში დასაქმდნენ და იგივე სამუშაო შეასრულონ.

“კონტროლიორებს ორმაგი სამსახურის გაწევა არ მოუწევთ, მათი ფუნქციები გაიმიჯნება. პირველ ეტაპზე, სანამ “სითი პარკის” თანამშრომლები გადმოვლენ ჩვენთან, მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ. პირველ ეტაპზე ჩვენი რესურსით დავიწყეთ იმიტომ, რომ ლოდინის რეჟიმში დიდხანს ვერ ვიქნებით. გარდა ადამიანური რესურსისა, კომპანიას ამ მიმართულებით გამოცდილება აქვს იმიტომ, რომ კონტროლიორები დაახლოებით მსგავს ფუნქცია-მოვალეობებს (უბილეთო მგზავრების დაჯარიმება) უკვე  ასრულებდნენ,” – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ 10 აპრილისთვის კონტროლიორებს შესაბამისი აღჭურვილობაც ექნებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან