ახალი ამბები

საუდის არაბეთის პრინცი: ისრაელელებსა და პალესტინელებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი მიწა

3 აპრილი, 2018 • 1691
საუდის არაბეთის პრინცი: ისრაელელებსა და პალესტინელებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი მიწა

საუდის არაბეთის გვირგვინოსანი პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის თქმით, ისრაელისა და პალესტინის მოქალაქეები იმსახურებენ, საკუთარ მიწაზე მშვიდობიანად იცხოვრონ.

The Atlantic-თან ინტერვიუში, ახლო აღმოსავლეთის დღის წესრიგში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად, პრინცმა ისრაელ-პალესტინის მრავალწლიან კონფლიქტზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა პალესტინელებსა და ისრაელელებს უფლება, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო წინაპართა მიწის ერთ ნაწილზე მაინც, პრინცმა უპასუხა:

“ვფიქრობ, ისრაელელებსაც და პალესტინელებსაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი მიწა, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა ყველასთვის და გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები”.

რელიგიაზე დაფუძნებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, რომელიც ისრაელთან მიმართებით ვლინდება, სალმანმა ორი საკითხი გამოყო:

“ჩვენ გვაქვს რელიგიური დავა იერუსალიმში არსებულ [ალ-აქსას] წმინდა მეჩეთთან და პალესტინელი ხალხის უფლებებთან დაკავშირებით. სულ ეს არის. რაიმე სახის წინააღმდეგობა ხალხთან მიმართებით არ გაგვაჩნია”.

სალმანის განცხადებით, ისრაელთან, როგორც დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან, საუდის არაბეთს მრავალი საერთო ინტერესი აქვს. მისივე თქმით, მშვიდობის პირობებში არაერთი საერთო ინტერესი გამოვლინდება ისრაელისა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებს შორისაც, “როგორიცაა იორდანია და ეგვიპტე”.

ბოლო რამდენიმე თვეა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არაერთი ცვლილება მოხდა. ზემოაღნიშნულ განცხადებამდე, მიმდინარე წლის მარტში, საუდის არაბეთმა ისრაელის კომერციული ფრენებისთვის საჰაერო სივრცე პირველად გახსნა, რაც თელ-ავივმა ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა.

საუდის არაბეთი ერთ-ერთია იმ არაბულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ისრაელს სახელმწიფოდ არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი