ახალი ამბები

აუტიზმთან დაკავშირებული ბოლო დროის 3 მნიშვნელოვანი მოვლენა

2 აპრილი, 2018 • 3994
აუტიზმთან დაკავშირებული ბოლო დროის 3 მნიშვნელოვანი მოვლენა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღეს 2010 წლის შემდეგ საქართველოშიც აღნიშნავენ.  “ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ სამ მოვლენას, რომელიც აუტიზმის თვალსაზრისით მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო.

პირველი შესაძლო მედიკამენტი აუტიზმისთვის

ჯერჯერობით არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც აუტიზმისთვის იყენებენ, თუმცა შვეიცარულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ “ჰოფმან ლა როშემ” დაიწყო მედიკამენტ “ბალოვაპტანზე” მუშაობა, რომელმაც პირველი ეტაპი უკვე გაიარა. 

კომპანიის ცნობით, “ბალოვაპტანმა” შესაძლოა სოციალური ინტერაქციის და კომუნიკაციის უნარები გააუმჯობესოს ადამიანებში, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვთ. პრეპარატზე “როშეს” კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდნენ, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლისთვის იგეგმება წამლის გაყიდვა.

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B) აუტიზმის რისკის შესამცირებლად

ფოლიუმის მჟავა, იგივე B ვიტამინი, შესაძლოა ამცირებდეს აუტიზმის რისკს ან ამსუბუქებდეს აუტიზმით გამოწვეულ მდგომარეობას. ამ დასკვნამდე მივიდა 5 სხვადასხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოქვეყნდა. სტატიას “ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს.

სამი კვლევა გვთავაზობს მოსაზრებას, რომ პრენატალურ პერიოდში (ორსულობის დროს) ფოლიუმის მჟავის დამატებითი მიღება ეწინააღმდეგება აუტიზმის განვითარების რისკს, რომელიც შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფზე ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტების ან ტოქსიკური ქიმიკატების მოქმედებას უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი კვლევა კი, რომელიც მცირე კლინიკურ გამოკვლევას ეფუძნება, ამბობს, რომ ფოლიუმის მჟავამ შესაძლებელია შეამციროს კომუნიკაციის და ვერბალური სირთულეების გამოვლენა იმ ადამიანებში, ვისაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯერემი ვანდერვილი ამბობს, რომ ეს კვლევები საკმარისი არ არის ფოლიუმის მჟავის ეფექტურობის დასადასტურებლად, მაგრამ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევა დაიგეგმოს.

აუტიზმის მქონეთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოების გეგმა საქართველოში

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის საჭირო სერვისები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გახდეს ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს არც გეგმა და არც ვადები.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საჭირო თერაპიის დაფინანსების პროგრამა არსებობს თბილისში, რომელშიც 787 ბავშვია ჩართული. თბილისის მსგავსი პროგრამა არსებობს ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და ქობულეთში. თუმცა საპარალმენტო უმრავლესობას სურს მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ საკითხს მთელ ქვეყანაში მოაგვარებს. 

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობა არაერთი აქციის მიზეზი გამხდარა. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აპროტესტებდნენ  თბილისის საკრებულოს დადგენილების იმ მუხლს, რომელიც ამბობდა, რომ თბილისში მხოლოდ 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით რეგისტრიებულ ბავშვებს შეეძლოთ პროგრამით სარგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი