ახალი ამბები

საფრთხე, რომელსაც ზღვა სარკინიგზო ლიანდაგს უქმნის

22 ოქტომბერი, 2013 • • 2723
საფრთხე, რომელსაც ზღვა სარკინიგზო ლიანდაგს უქმნის

აბრაზია – ამ ლათინური წარმოშობის სიტყვით აღნიშნავენ სპეციალისტები პროცესს, როცა ტალღები ზღვის, ტბის ან დიდი წყალსაცავის ნაპირებს ანგრევს. აბრაზიული პროცესი ციხისძირში, ზღვისპირას გამავალ რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ მიმდინარეობს. ტალღები ნაპირს დღითიდღე რეცხავს.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოკეანოლოგი საშა ხორავა ამბობს, რომ ნაპირი ფლეთილი ქვებით უნდა გამაგრდეს.

 

„მწვანე კონცხის ჩრდილოეთით, რკინიგზის მაგისტრალს ტალღამ ძირი გამოურეცხა და ავარიული სიტუაცია შეიქმნა. რკინიგზამ გამონახა საშუალება და ეს მონაკვეთი მთლიანად ფლეთილი ქვების ბერმით არის გამაგრებული. საკმაოდ კარგად და დიდხანს გაძლებს. მსგავსი მეთოდითაა გასამაგრებელი ის ავარიული უბანი ციხისძირში. ცუდ მდგომარეობაშია, თუ ძლიერი ღელვა და დატვირთული ვაგონების ერთობლივი მოქმედება დაემთხვა, შეიძლება მთლიანად ჩაიქცეს და კატასტროფა მოხდეს,” – ამბობს საშა ხორავა.

 

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამმართველოს უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, რომ მთავრობას აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. მისივე თქმით, სარკინიგზო ლიანდაგის მიმდებარედ ნაპირის გამაგრება რკინიგზის დეპარტამენტის პრეროგატივაა.

 

„ინერტული მასალით შევსება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც დროებით შედეგს იძლევა. ჩვენი აზრით, ციხისძირში საჭიროა გაკეთდეს ფლეთილი ქვების ბერმა. ამის შემდგომ რომ მოხდება ჩაყრა, ეს უკვე გარკვეულ ეფექტს მისცემს და ეს უბანი გამაგრდება როგორც გეოლოგიურად, ისე შეჩერდება ეროზიული პროცესებიც. ეს სამუშაოები უნდა ჩაატაროს რკინიგზის დეპარტამენტმა, რადგან ის ნაწილი უშუალოდ სტრატეგიული ტერიტორიაა. რამე რომ მოხდეს და ეს უბანი ჩაინგრეს, ჯერ ერთი მთლიანად გაითიშება სარკინიგზო მიმოსვლა, ტრანსპორტირება და მერე მოხდება დაბინძურება და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგებით. სწორედ ამიტომ მივწერეთ მთავრობას, რომ მოახდინოს ამ უბნის სტაბილიზაცია,“ – აცხადებს ტარიელ ტუსკია.

 

აჭარის მთავარი გეოლოგის თქმით, სანაპირო ზოლში, ბობოყვათიდან ჩაქვამდე წლების განმავლობაში ხდებოდა წლიური აბრაზია და შესაბამისად, შეჰქონდათ ინერტული მასალა პრობლემური მონაკვეთების ამოსავსებად. მიმდინარე წელსაც ორ ადგილას შეიტანეს ინერტული მასალა და რეკრეაციული ზონა გაამაგრეს. სამუშაოები გარემოს დაცვის სამმართველომ დააფინანსა.

 

„წელს ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის წინ შეტანილი იქნა ინერტული მასალა, რომელიც გარკვეულ შედეგს გამოიღებს. ირეცხებოდა სამთავრობო რეზიდენციის წინ მდებარე პლაჟი. დღესდღეობით საგრძნობლად მოიმატა და გაიზარდა. ამის გარდა ჩაქვშიც ჩავყარეთ,” – ამბობს ტარიელ ტუსკია.

 

„ბათუმელები” დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაჩი ცაგურიას. ცაგურიას განცხადებით, პასუხს შეკითხვებზე წერილობითი მიმართვის შემდეგ მივიღებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი