რაც უფრო ვიწროა სავალი ნაწილი, მით ნაკლებია მანქანის სიჩქარე – აუდიტი

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, რაც უფრო ვიწროა გზის სავალი ნაწილი, მით ნაკლებია მანქანის სიჩქარე და ავარიის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის შესაძლებლობა.

აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ გზის ფართო სავალი ზოლი უსაფრთხო იყო, რადგან მძღოლებს თავისუფალი მანევრირების საშუალებას აძლევდა. საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა სტრატეგიების მიხედვით, მათ შორის, შვედეთის ნულოვანი ხედვის მიხედვით, მიჩნეულია, რომ დასახლებულ პუნქტებში მოძრაობის ფართო სავალი ზოლი ხელს უწყობს მაღალი სიჩქარით მოძრაობას, რაც ზრდის შეჯახებების შედეგად გამოწვეული ტრავმების რისკს, სავალი ზოლის შევიწროება უფრო ეფექტიანად ამცირებს სიჩქარეს, ვიდრე აღსრულების სხვა მექანიზმები.

სავალი გზის სიგანისა და ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი

აუდიტის სამსახურის მიხედვით, რაც უფრო ვიწროა სავალი ზოლის სიგანე, მით უფრო ნაკლებია მასზე მოძრავი ავტომანქანის სიჩქარე. ცხრილში მოცემულია ზოლის სიგანისა და სიჩქარის დამოკიდებულება, საბაზისოდ აღებულია 3,6 მეტრის სიგანის გზა.

აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ ოპტიმალური სიგანის სავალი ზოლით ავტობუსების ზოლისათვის და უსაფრთხოების კუნძულების მოსაწყობად სივრცის გამოძებნაა შესაძლებელი.

ანგარიშის მიხედვით, თბილისში „ვიწრო“ სავალი ზოლის სიგანეც კი (მათ შორის, ცოტნე დადიანის ქუჩა, სადაც ყველაზე მაღალია 2016 წელს ქვეითზე შეჯახება), აღემატება კარგი პრაქტიკით დადგენილ ოპტიმალურ უსაფრთხო ზღვარს, განმარტავს აუდიტის სამსახური.

თბილისის გზების სავალი ზოლის სიგანე

მონაცემების მიხედვით, ქვეითებს 90%-იანი გადარჩენის შანსი აქვთ, როდესაც მანქანა მოძრაობს 30 კმ-მდე სიჩქარით, მაგრამ ეს შანსი 50%-ზე ნაკლები ხდება, როდესაც მოძრაობის სისწრაფე 45 კმ/სთ-ს აღემატება.

სტატისტიკის მიხედვით, სიჩქარის ყოველი 5%-იანი ზრდა იწვევს ავარიების დაახლოებით 10%-ით მატებას და ფატალური შედეგების 20%-ით ზრდას.

სავალი ზოლის სიგანის და სიჩქარის შემცირების დამოკიდებულება

ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში რეკომენდებული სიჩქარეა 50 კმ/სთ. მსოფლიო ქვეყნების 62%-ს ქალაქის გზებზე დასაშვებ სიჩქარედ დადგენილი აქვს 50 კმ/სთ ან ნაკლები. საქართველოს დასახლებულ პუნქტებში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, თმცა დასაშვებ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-მდე გადაჭარბება არ იწვევს მძღოლის დაჯარიმებას, რაც დასახლებულ პუნქტში მოძრაობას 75 კმ/სთ-მდე სიჩქარით შესაძლებელს ხდის და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით დადგენილ ზღვარს – 50 კმ/სთ-ს, აღემატება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com