ახალი ამბებისაზოგადოება

გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ასაცილებლად არსებული პროცედურები არასაკმარისია – აუდიტი

2 აპრილი, 2018 • 2558
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ასაცილებლად არსებული პროცედურები არასაკმარისია – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან არიდების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პროცედურები და რესურსები არასაკმარისია პოტენციური ეკოლოგიური რისკების კომპლექსური შეფასებისა და რეაგირებისთვის.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2014-2017 წლები პერიოდს მოიცავს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული პროცედურები ვერ უზრუნველყოფდა მაღალი ეკოლოგიური რისკის ობიექტების შერჩევას. არსებული სანქცირების სისტემა კი გამოვლენილ დარღვევებზე პროპორციული რეგირებისთვის საკმარისი არ იყო. ამასთანავე, აუდიტის ინსპექტირების პროცესში არ არსებობდა შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტები.

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას, რადგან გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებიდან გენერირებული თანხები არ მიიმართებოდა მიზნობრივად გარემოს აღდგენის ღონისძიებებისაკენ:

“შესაბამისად, არსებული პრაქტიკა იწვევს იმას, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრა არ ხდება. მთლიანობაში, მინიმიზების კუთხით არსებული ნაკლოვანებები მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოს ადეკვატურ დაცვაზე.”- ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზებისთვის აუდიტი მიიჩნევს, რომ საჭიროა ეკოლოგიური რისკების შემარბილებელი ღონისძიების სალიცენზიო პირობებში ასახვა.  

თუმცა, აუდიტის მიხედვით, სალიცენზიო პირობები ზოგადია და მასში არ არის ასახული ის ძირითადი შემარბილებელი ღონისძიებები, რომელთა გატარებაც საჭიროა ლიცენზიანტის მხრიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისათვის:

“მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა სალიცენზიო ფართობის აღდგენის მიმართულებითაც. ნიადაგის საფარის აღდგენის კუთხით არ არის უზრუნველყოფილი სალიცენზიო ფართობის ეტაპობრივი რეკულტივაცია, რაც ნიადაგის თავდაპირველი თვისებების დაბრუნებას გულისხმობს. აგრეთვე, სალიცენზიო ვადის გასვლის შემდგომ არ ხდება აღნიშნული ფართობის მდგომარეობის შემოწმება,”  – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია ვადაგასული და მიტოვებული სალიცენზიო ფართობების მდგომარეობის შესახებ. ხოლო რაც შეეხება უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირებას, ამ კუთხით გარკვეული აქტივობები (მაგალითად, ხე-ტყის საკომპენსაციო საფასურის გადახდა, ლიცენზიანტი კომპანიების მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება) არსებობს, თუმცა, შესაბამისი შეფასების არარსებობის გამო, აუდიტის შეფასებით, გაურკვეველია, რამდენად ადეკვატურია გატარებული ქმედებები იმ ზიანთან მიმართებაში, რაც თავიდან არიდების, მინიმიზებისა და აღდგენის ღონისძიებების შემდეგ რჩება.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მასშტაბების შესახებ დისკუსიის აქტუალურობა გამოწვეულია სამთო-მოპოვებითი საქმიანობით დაკავებული კომპანიების მიერ გარემოსდაცვითი სტანდარტების არასათანადო დაცვით.

აუდიტის დასკვნის მიხედვით,  წიაღით სარგებლობის სფეროში გარემოს დაცვის თვალსაზრისით ორი ძირითადი პრობლემა არსებობს. ესენია მიტოვებული საბადოები და არამდგრადი სამთო-მოპოვებითი პრაქტიკა.

“მაგალითად, ქვემო ქართლში ოქრო-პოლიმეტალების მომპოვებელ მსხვილ საწარმოებში 2015 წელს ჩატარებულმა გარემოსდაცვითმა აუდიტმა აჩვენა, რომ კომპანიების საქმიანობამ მთელ რეგიონში გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. აუდიტმა გამოავლინა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება მინერალების რეცხვისას და დაბინძურება ტოქსიური ნივთიერებების ნიადაგში ჩაჟონვისას. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოებისას და მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას ჰაერი მტვრით დაბინძურდა, მომწამლავი აირების ჰაერში გაფრქვევამ კი ჰაერის შემადგენლობის ცვლილება გამოიწვია. ასევე, გაუვარგისდა ქანები  და მოხდა ნიადაგის დეგრადაცია. მოპოვების შემდგომ აღდგენის პროცესების ჩაუტარებლობის გამო კი ტერიტორა გაუდაბნოვდა. საცხოვრებელი გარემოს მოსპობამ გამოოიწვია ადგილობრივი ფაუნის მიგრაცია და სიკვდილიანობა, ეკოსისტემის რღვევა და გადაშენება”.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობაში განხორციელებული სტრუქუტურული ცვლილებების შემდეგ, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, უცნობია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურა და კომპეტენციები სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებით.

გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილი საკითხები 2018 წლიდან განეკუთვნება სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, აუდიტი რეკომენდაციებით მას მიმართავს.

  • აუდიტის სამსახური მოუწოდებს   წიაღის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის პროცესში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მონაწილეობით, სალიცენზიო ფართობზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება/აღწერა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემოსათვის ნაკლები ზიანის მომტანი სალიცენზიო ფართობის შერჩევა, ხოლო შერჩეულ ფართობზე გარემოზე პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების თავიდან არიდების ღონისძიებების დაგეგმვა.
  • იმ მიზნით, რომ გაიზარდოს ლიცენზიანტების ინფორმირებულობა გარემოს დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს წიაღის მოპოვების პროცესში ლიცენზიანტების მიერ გასატარებელი აღნიშნული ღონისძიებების აღწერა და სალიცენზიო პირობებში ასახვა.
  • იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიანტის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში კონკრეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტის/ტექნოლოგიური სქემის მიმართ გარემოსდაცვითი კუთხით განსაზღვრული დეტალური მოთხოვნების იდენტიფიცირება და პროექტის/ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ლიცენზიანტის მიერ მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე.  
  • იმ მიზნით, რომ მოხდეს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების რესურსის გამოყენება მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე სალიცენზიო ფართობების შესამოწმებლად, სააგენტომ უზრუნველყოს ეკოლოგიური რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და შესამოწმებელ ლიცენზიანტთა შერჩევა მოახდინოს აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.  
  • იმ მიზნით, რომ საჯარიმო სანქციების სისტემით უზრუნველყოფილ იქნეს წიაღის მოპოვების პროცესში სალიცენზიო პირობების დარღვევის პრევენცია და სანქციები იყოს დარღვევის შედეგების პროპორციული, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება.  იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასების შემდეგ ლიცენზიანტისაგან მიღებული თანხების დაზიანებული გარემოს აღდგენაზე გამოყენება, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მოახდინოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება და ინიცირება.
  • სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ინსპექტორებისათვის მეთოდური სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება. სახელმძღვანელოში აღწერილი უნდა იქნეს ის სპეციფიკური საკითხები, რომლებიც დამახასიათებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვა 2018 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში 8 სხვადასხვა ტიპის ლიცენზიის შემოწმების დროს. აღნიშნული უზრუნველყოფს ინსპექტორებისათვის სალიცენზიო პირობების დარღვევებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტების გამოვლენას და ხელს შეუწყობს გამოვლენილ დარღვევებზე სტანდარტულ რეაგირებას.  
  • იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სალიცენზიო ფართობის დროული რეკულტივაცია, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა, რომელიც დაავალდებულებს ლიცენზიანტს, წარმოადგინოს რეკულტივაციის პროექტი მოპოვებითი სამუშაოების დაწყებიდან კონკრეტულ ვადაში.  
  • იმ მიზნით, რომ ლიცენზიის ვადის გასვლის შემდგომ გამოირიცხოს სალიცენზიო ფართობის აღდგენის გარეშე მიტოვების შემთხვევები, სსიპ – წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, ლიცენზიანტების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით, უზრუნველყოს ლიცენზიანტების მხრიდან სალიცენზიო ფართობის აღდგენისათვის საჭირო ფინანსური გარანტიების ვალდებულების არსებობა და შეიმუშაოს აღნიშნულის აღსრულებისათვის ქმედითი მექანიზმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი