ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილის მკვლელობა და სხვა მოვლენები სამხრეთ კავკასიაში – საერთაშორისო გამოხმაურებები

2 აპრილი, 2018 • 2259
ტატუნაშვილის მკვლელობა და სხვა მოვლენები სამხრეთ კავკასიაში – საერთაშორისო გამოხმაურებები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი; აზერბაიჯანის ჟურნალისტთა რეპრესიების კიდევ ერთი სამიზნე; სომხეთში ქალთა მიმართ ძალადობა და დაუსჯელობის სინდრომი; აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შეუსაბამო სამედიცინო მომსახურეობა. ეს არის ის ძირითადი თემები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომლებიც 2018 წლის მარტში საერთაშორისო მედიის, ორგანიზაციებისა და ცალკეული წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში მოექცა.

[red_box]ტატუნაშვილის საქმე საერთაშორისო მედიაში[/red_box]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა თედ პომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ესკალაციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

“რუსი დათვი ხელიდან არ უშვებს შანსს საკუთარი ზრახვების გამოსავლენად და უხეშად უგულებელყოფს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაკავებული ქართველი, არჩილ ტატუნაშვილი, აწამეს და მოკლეს […] ვლადიმერ პუტინის ტირანული რეჟიმი საკუთარი ხალხის მოტაცებითა და მოკვლით ვერ კმაყოფილდება და სურს საკუთარი ტირანია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც გამოიყენოს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე”, – განაცხადა მან.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის სამხრეთ კავკასიის ანალიტიკოსმა, ოლესია ვართანიანმა, aljazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტი აუარესებს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოსთან საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებას.

“სამწუხაროდ, ასეთი ინციდენტი მოსალოდნელი იყო… ტატუნაშვილის საქმე ყველასთვის სიგნალია – საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც – სიტუაცია უარესდება და ამის გამო რაიმე აუცილებლად უნდა გაკეთდეს”.

ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადებაში ევროსასამართლოს კონგრესის პრეზიდენტმა, გუდრუნ მოსლერმა, ღრმა მწუხარება და შეშფოთება გამოხატა.

“აუცილებელია, სასწრაფოდ ჩატარდეს გამჭირვალე გამოძიება, რათა დადგინდეს მისი გარდაცვალების გამომწვევი გარემოება და მომხდარზე პასუხისმგებლობა დადგინდეს” – თქვა მან.

საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. 23 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული, ხოლო მის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

[blue_box]აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა რეპრესიის მორიგი სამიზნე[/blue_box]

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ფიქრეთ ჰუსეინლი, რომელიც 2017 წლის 14 ოქტომბერს კიევის აეროპორტში დააკავეს აზერბაიჯანის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებების გამო, 27 ოქტომბერს გაათავისუფლეს. კიევის სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში ექსტრადაციაზე უარი თქვა, თუმცა ჰუსეინლს 2 აპრილამდე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მისი განცხადებით, უკრაინის პროკურატურა ყველა შესაძლო გზებით ახანგრძლივებს მისი აზერბაიჯანში ექსტრადირების გადამოწმებას, რათა მან უკრაინა არ დატოვოს.

საერთაშორისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც მოითხოვს, რომ ჟურნალისტს ქვეყნის დატოვების უფლება მისცენ. განცხადების მიხედვით, ორგანიზაციაში თვლიან, რომ ჰუსეინლის ჟურნალისტური საქმიანობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკას ეხება, მთავარი მიზეზია, რის გამოც ბაქოს მისი ექსტრადირება სურს.

“გთხოვთ, დაუყოვნებლივ უარი განაცხადოთ ჰუსეინლის აზერბაიჯანში ექსტრადაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ნიდერლანდების სამეფომ მას მოქალაქეობა მიანიჭა, ჟურნალისტის აზერბაიჯანში გაგზავნა არა მარტო უკანონოა, არამედ მას დიდი რისკის ქვეშ დააყენებს, რასაც შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს” – ნათქვამია მიმართვაში.

5 მარტს ფიქრეთ ჰუსეინლზე თავდასხმის გამო, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვამ უკრაინის სასამართლოს თხოვნით მიმართა, ჟურნალისტს დოკუმენტები დაუბრუნონ და უკრაინის დატოვების უფლება მისცენ.

“ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნონ დოკუმენტები ფიქრეთ ჰუსეინლის და უკრაინის დატოვების უფლება მისცენ. კიევმა არ უნდა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან მის საზღვრებს გარეთ კრიტიკოსების დევნაში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ უკრაინის პოლიციას 5 მარტს მომხდარი თავდასხმის გამოძიებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ” – განაცხადა ნინა ოგნიანოვამ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა CPJ-ს მოთხოვნაზე არ უპასუხია.

აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასიათი მიიღო. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და საქმიანობა სხვა ქვეყნებში გაეგრძელებინა.

[red_box]სომხეთის ქალთა მიმართ ძალადობა და დაუსჯელობის სინდრომი[/red_box]

მაშინ, როდესაც უამრავმა ქვეყანამ 8 მარტს ქალთა დღე აღნიშნა, სომხეთში ქალთა დღეს მთელი თვე დაეთმო და 7 აპრილამდე [“დედის და სილამაზის დღემდე” ]გრძელდება. მთელი თვის განმავლობაში ოჯახის წევრები, მეგობრები და პარტნიორები ქალებს ყვავილებს, სუნამოებს და სხვა საჩუქრებს ჩუქნიან – რის გამოც ყვავილების ფასი ამ პერიოდისთვის საგრძნობლად მატულობს ხოლმე.

როგორც Eurasianet წერს, ამის მიუხედავად, სომხებს ქალთა უფლებები და მათი პატივისცემა ავიწყდებათ. სულ ახლახან სომხეთის მთავრობამ ოჯახში ძალადობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტმა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის კანონი მიიღო, ხოლო იანვარში – ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოჯახში ძალადობის შესახებ ახალ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ასევე პოლიცია აპირებს შეიმუშაოს ინსტრუქციები შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის და გაატაროს სხვა ღონისძიებები, რაც ქალებს ოჯახში ძალადობისგან დაიცავს.

ოფიციალური მონაცემებით 2010-2017 წლებში, სულ მცირე, 50 ქალი დაიღუპა მათი პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერ, უმეტესწილად “მამაკაცის ეჭვიანობის” გამო. ამ დანაშაულებს შესაბამისი სასჯელი არ მოჰყოლია და მოძალადეები სასამართლოს გადაწყვეტილებით გამართლდნენ.

Eurasianet წერს, რომ მარტო კანონის მიღება საკმარისი არ არის, ხელისუფლება უნდა შეეცადოს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა აღმოფხვრას. მათ უნდა უზრუნველყონ ახლად მიღებული კანონის და ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა. ამის შემდეგ სომხეთში ქალებს ნამდვილად ექნებათ რაიმის აღნიშნვის მიზეზი.

[red_box]სოხუმში კარდიოლოგიური კლინიკის არარსებობის გამო პაციენტები საქართველოში მკურნალობენ[/red_box]

აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამკურნალოდ სხვაგან მიდის. რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო თავად გზავნის, ხოლო საქართველოში პაციენტები ძირითადად თავიანთი ნება-სურვილით მოდიან.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმში კარდიოლოგიური კლინიკა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის არარსებობის გამო ვერ გახსნა.

“ისინი კარდიოლოგიური კლინიკის გახსნას გეგმავდნენ და მეც ამ პროცესის მონაწილე ვიყავი. ჩვენ აფხაზეთში ექიმების მოძებნა და მათი საქართველოში სასწავლებლად გაშვება დაგვევალა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები არ არსებობენ”, – განუცხადა ექიმმა DFWatch-ს.

ექიმის განცხადებით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, მათ შესთავაზეს გვარების გადაკეთება და სოხუმში ანონიმურად ჩასვლა, თუმცა რუსეთმა ქართველი ექიმების შეშვებაზე უარი განაცხადა და ეს ამბავიც ჩაიშალა.

მისივე თქმით, ბევრი აფხაზი საქართველოში უფასოდ ჩადის კარგი სამედიცინო მომსახურების გამო. გამოცემის ინფორმაციით, გალის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ სოხუმში ხარისხიანი კლინიკის გახსნა მათთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, რადგან არსებულ დაწესებულებებში მომსახურეობის ხარისხი ძალიან დაბალია.

47 წლის გალის მაცხოვრებელმა DFWatch-ს განუცხადა, რომ ხარისხიანი კლინიკის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სოხუმში წავიდოდნენ, თუმცა არასებობის გამო ბევრი აფხაზი სამკურნალოდ საქართველოში მიდის, ხოლო მდიდრები  – რუსეთში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანამხად, “რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობა და მათზე დახარჯული საბიუჯეტო ფული მზარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი