საავტომობილო გზებზე პოტენციურად საშიში ადგილები დადგენილი არ არის – აუდიტი

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საავტომობილო გზებზე პოტენციურად საშიში ადგილები – “შავი წერტილები” და “შავი მონაკვეთები” განსაზღვრული არ არის და მისი დადგენის მეთოდოლოგიაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.

მაღალი რისკის შემცველი ადგილების გამოვლენის მიზნით, აუცილებელია პასუხისმგებელი უწყებები ფლობდნენ ინფორმაციას შეჯახებების ადგილმდებარეობისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, 2015 წელს პრობლემურ მონაკვეთებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე ფატალური შემთხვევების 38% მოდის, რაც ნიშნავს, რომ პრობლემური მონაკვეთების მოგვარებით შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირება.

შსს-მ პრობლემურ მონაკვეთებად მიიჩნია საერთაშორისო გზების კილომეტრები, სადაც 1 წლის განმავლობაში სხეულის დაზიანებით ან გარდაცვალებით დასრულდა სამი ან მეტი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა.

აუდიტის შედეგად, გამოვლინდა, რომ „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების თვალსაზრისით, პრობლემა იკვეთება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილმდებარეობის დადგენის სიზუსტეში.

თბილისი

შსს-ს მიერ ავტოსატრანსპორტო შემთხვევებზე აღრიცხული ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში „შავ წერტილად“ განიხილავს გზის სრულ მონაკვეთს და არ აკონკრეტებს „შავი წერტილის“ ადგილმდებარეობას.

შავი წერტილები თბილისში

სხვა ქალაქები

საქართველოს სხვა ქალაქებში (ადგილობრივი გზები) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შსს-ში არ აღრიცხავენ, რისკის შემცველი ადგილები არ ანალიზდება. აუდიტის ჯგუფმა “112-ის” შეტყობინების საფუძველზე გამოავლინა ქუჩები, სადაც საგზაო შემთხვევების კონცენტრაცია მაღალია.

შავი წერტილები საქართველოს სხვა ქალაქებში

მაგისტრალი

მაგისტრალების შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ადგილმდებარეობა განსაზღვრულია 1 კილომეტრის მონაკვეთზე, ამასთანავე, მოძრაობის მიმართულებას არ მიუთითებენ, რაც რეაგირების განხორციელების არეალს ზრდის. აუდიტის ჯგუფმა, შსს-გან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე გამოავლინა ადგილები, სადაც ხშირია ავტოსატრანსპორტო შემთხვევები.

როგორც ცხრილიდან 3.3.4 ჩანს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 94-ე კილომეტრზე 2 წელსა და 9 თვეში დაფიქსირებულია 21 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაშავდა 40 ადამიანი და 2 დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენის შეუძლებლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, გამოწვეულია ტექნიკური პრობლემებით: ავტოავარიის ადგილს უფლებამოსილი პირი “თვალის ზომით” აღწერს, რადგან პატრულს ზუსტი ადგილის დამდგენი ტექნიკური საშუალება არ აქვს.

“შავი წერტილები” მაგისტრალებზე

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში 6 939 სისხლის სამართლის (სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წელს ადმინისტრაციული შეჯახებების ( ქონების ან სხეულის მსუბუქი დაზიანება) რაოდენობა 32 015-ს შეადგენს.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი წლის მანძილზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 38 954-ს შეადგენს, დღეში დაახლოებით 107 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხება და წლის განმავლობაში ყოველი 30-ე ავტომობილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევას ახდენს.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება (47%), თბილისში მაღალია დაშავებულთა (42%) და გარდაცვლილთა (17%) რაოდენობაც. ამის მიუხედავად, ფატალური შემთხვევების წილი რეგიონებში უფრო მაღალია.

აუდიტის სამსახურს შსს-სთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს:

  • შსს-ს საქმიანობაში საგზაო უსაფრთხოების მხრივ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს აღსრულების/ადმინისტრაციული ფუნქცია, ხოლო საგზაო უსაფრთხოების ხედვას, საინფორმაციო ანალიტიკურ საქმიანობას და პრევენციულ ღონისძიებებს შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა.
  • არ ხდება ისეთი ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, რომელიც პოლიციის მიერ უკვე შეგროვებულია, ან იოლად შეიძლება იქნეს მოპოვებული შემდგომი ანალიზისა და საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების აღრიცხული ინფორმაცია მკვეთრად განსხვავებულია. საპატრულო პოლიცია ავსებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღრიცხვის ბარათს, ხოლო სამხარეო პოლიცია ანალოგიურ ინფორმაციას არ არეგისტრირებს.
  • არ არსებობს მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზა, რომელშიც აღწერილია საქართველოს მასშტაბით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე დეტალური ინფორმაცია. სამხარეო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ცნობილია მხოლოდ ჯამური მონაცემები, ხოლო შეჯახების ტიპი, გამომწვევი მიზეზი, შეჯახების მონაწილეთა კატეგორია, ასაკი და სხვა მონაცემები დაუდგენელია.
  • გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონების შემთხევაში. როგორც გრაფიკიდან ჩანს, კახეთის და სამცხე – ჯავახეთის რეგიონში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების საშუალოდ 87%-ს დაუდგენელი მიზეზი და მანევრირების წესის დარღვევა წარმოადგენს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com