2015 წელს ავტოავარიებმა საქართველოს $738 მილიონის ზიანი მიაყენა – აუდიტი

2015 წელს ავტოავარიების შედეგად მიყენებული ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების ხარჯებმა დაახლოებით 738 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების და ფატალური შემთხვევების ხარჯებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 5% შეადგინა.

აღნიშნულში იგულისხმება დაკარგული შემოსავალი, სამედიცინო, ადმინისტრაციული და დაზიანებული ქონების ხარჯები.

ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპული ადამიანები ყოველ 100 000 მოსახლეზე

საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების შემცირებით შესაძლებელია რესურსების გამოთავისუფლება მათი პროდუქტიული გამოყენების მიზნით, მიიჩნევენ აუდიტის სამსახურში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი ტენდენცია 2011 წლიდან შეინიშნება. 2011-დან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, პროპორციულად, 35%-მდე მოიმატა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ.

ავოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 1 000 000 მოსახლეზე საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

აუდიტის სამსახური დადებითად აფასებს ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების მექანიზმების დანერგვას. თბილისში და საქართველოს გზებზე დამატებით დამონტაჟდა გარე სამეთვალყურეო კამერები და სექციური რადარები („ჭკვიანი კამერა“), რომელიც სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაღუპულ პირთა რაოდენობის კლებას უკავშირდება, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, რაც გატარებული ღონისძიებების არასაკმარისობაზე მიუთითებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com