ახალი ამბები

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

1 აპრილი, 2018 • 1998
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ქორიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ქორიძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

ქორიძისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა პროკურატურა, ხოლო დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირაკლი ქორიძე იმ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორია, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს ცნობით დანაშაული შემდეგნაირად დაიგეგმა – 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს ცნობით, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის ფინანსური დახმარებით საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით “ბუპრენორფინის” შემცველი, დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალება. იმისათვის, რომ შეძენილი აბები საქართველოში შემოეტანათ, ირაკლი ქორიძემ გამოიყენა  შპს “კატასტროფის მედიცინის ცენტრის” რეანომობილები, სადაც თავად დირექტორის ფუნქციას ასრულებდა. ცენტრი პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევს, მათ შორის, საზღვარგარეთ. ქორიძემ რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯაბა ხულორდავას.

ხულორდავა 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გიორგი გიორგანაშვილი და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ჯაბა ხულორდავა რეანომობილში მოათავსებდა. ამგვარი შენიღბული გზით ხულორდავა ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ქორიძეს გადასცემდა.  ქორიძემ რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგანაშვილს, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ხულორდავამ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი “სარფის” გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ხულორდავა პოლიციამ 24 იანვარს დააკავა, შსს-ს ცნობით, მისი მითითებით ამოიღეს რეანომობილში არსებული სამალავიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ჯაბა ხულორდავა უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს,  რომელიც ასევე გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ირაკლი ქორიძესთან ერთად წარედგინება ბრალდება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი