პროტესტი მესტიაჭალა ჰესის წინააღმდეგ: მესტიაში ადგილობრივებმა ტექნიკას გზა გადაუკეტეს

მესტიის ცენტრში ადგილობრივებმა მესტიაჭალა ჰესისკენ მიმავალ მძიმე ტექნიკას გზა გადაუკეტეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მანამ არ დაიშლებიან, სანამ სამშენებლო ტექნიკა ტერიტორიას არ დატოვებს.

როგორც აქციის მონაწილე გვანცა მჭედლიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ადგილზე ადგილობრივი პოლიციაა მობილიზებული, თუმცა მოსახლეობა დაშლაზე უარს აცხადებს. აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა ორსული გოგონა, რომელიც პროტესტის ნიშნად ტექნიკის წინ, ასფალტზე დაწვა. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

მესტიაში სპეცრაზმის შესაძლო მობილიზებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია უარყვეს და აღნიშნეს, რომ ადგილზე მხოლოდ ადგილობრივი პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.

მესტიაში ჰესების მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. 5 მარტს სვანეთის თემთა შეკრებამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს განცხადებით მიმართა. თემთა შეკრებაში გაერთიანებული 17 თემი იმ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ჰესების მშენებლობა სვანეთის ბუნებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და მოსახლეობას შეუქმნის.

აქცია მესტიაში/ფოტო: დავით გულბანი/04.05.2018

აქცია მესტიაში/ფოტო: დავით გულბანი/03.04.2018

აქცია მესტიაში/ფოტო: დავით გულბანი/04.03.2018

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით,  მდინარე მესტიაჭალაზე ჰესს Galt & Taggart, ავსტრიულ კომპანია RP Global -თან ერთად,  სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით აშენებს. უწყების თანახმად, ეს იქნება 30-მეგავატიანი ჰესი, რომელიც  წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.


განახლება:

კომპანია, რომელიც ჰესს აშენებს, განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, “აქციის მონაწილეები პროვოკაციას აწყობენ”.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მესტიაჭალა ჰესი არის მწვანე, მცირე ზომის, არადაგუბებითი, მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი, რომელიც მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.

მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში  მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. დღეს მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ    10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. ჩვენ საგაზაფხულო მშენებლობის დაწყების წინ რამდენჯერმე შევხვდით მათ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს არ სურთ არგუმენტირებული პასუხების მოსმენა. ასევე, ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპერტების მონაწილეობით საკითხის განხილვაზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმებულ და ტელევიზიით დაანონსებულ შეხვედრას არ დაესწრნენ. დღეს კი ისინი პროვოკაციას მიმართავენ, ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ.

რაც შეეხება სამუშაოებს – ამ ეტაპზე იწმინდება გზა და მდინარის კალაპოტის გასწვრივ ნაპირსამაგრები ეწყობა.  ჩვენ მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას დაგეგმილი გრაფიკით ვაგრძელებთ“, – სოფო ნატროშვილი, სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან