შრომითი უფლებები და ჯანდაცვა: ტრანსგენდერი თემის მანიფესტი

ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსგენდერი თემი მანიფესტს ავრცელებს. მასში ყურადღება შრომით უფლებებსა და ჯანდაცვის სფეროზეა გამახვილებული. ავტორები იმ პრობლემების შესახებ ჰყვებიან, რომელთაც ტრანსგენდერები სამუშაო ადგილებსა და სამედიცინო სერვისებით სარგებლობის საჭიროებისას აწყდებიან.

“ნეტგაზეთი” მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

31 მარტი ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსგენდერი ადამიანები საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე. ამ წლის 31 მარტს ტრანსგენდერი თემსა და მათ მხარდამჭერებს გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა შრომითი უფლებები და ჯანდაცვა. ეს პრობლემები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დღის წესრიგში დგას და, ამავე დროს, ტრანსფობიური განწყობების ფონზე განსაკუთრებულად ამძიმებს ტრანსგენდერი თემის მდგომარეობას.

შრომითი უფლებები

შრომითი უფლებები და ღირსეული შრომითი გარემო საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პრობლემას წარმოადგენს. 2011 წლიდან დღემდე 1209 მუშა დაიღუპა და დაშავდა სამუშაო ადგილზე; აგარაში უკვე მეხუთე თვეა მუშები ითხოვენ ქარხნის ამუშავებასა და სამსახურში დაბრუნებას; ჭიათურაში კიდევ ერთი მუშა დაიღუპა სამუშაოს შესრულების დროს, სუპერმაკეტების ქსელებში, სადაც უმეტესწილად ახალგაზრდები არიან დასაქმებულნი, შრომითი ხელშეკრულებები ხარვეზებით ან საერთოდ არ იდება, არ არსებობს სათანადო ანაზღაურება, ნორმირებული სამუშაო დრო და ა.შ. ეს პრობლემები გამოწვეულია საქართველოს შრომითი კანონმდებლობის არაეფექტური ხასიათით, ქმედითი შრომითი ინსპექციის არარსებობითა და ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკით, რომელსაც სახელმწიფო აქტიურად მიყვება.

ტრანსგენდერ თემს ყველაზე უკეთ ესმის თუ რას ნიშნავს შრომითი უფლებების უგულებელყოფა და ღირსეული შრომითი გარემოს არქონა. ტრანსგენდერი თემი სოციალური კლასია, რომელსაც ყოველდღე უწევს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. ღირსეული შრომითი პირობების არქონა მთლიანი საქართველოს მოსახლეობის პრობლემაა, თუმცა ტრანსფობია არსებულ შრომით პირობებს აუარესებს თვითონ ტრანსგენდერი თემისთვის. დღესდღეისობით, გენდერის სამართლებრივი აღიარება რთული, ძვირადღირებული და ღირსების შემლახავი პროცესია. უამრავი ტრანს ადამიანი ვერ ახერხებს ან არ სურს ამ პროცესის გავლა. პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის შეუძლებლობა კი უამრავი ეკონომიკური პრობლემის წინაშე აყენებს ტრანსგენდერი თემს. ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ სამსახურის მოძებნა, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი არიან ჩაერთონ სექს სამუშაოში, სადაც ყოველდღიურად აწყდებიან ძალადობას და დისკრიმინაციას, ან უწევთ ხელშეკრულების გარეშე, დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება, სადაც მათი უფლებები მუდმივად ირღვევა ან რჩებიან დაუსაქმებელი, რითაც უფრო დიდ სოციალური პრბლემების წინაშე დგებიან.

ტრანსგენდერი თემი სოლიდარობას უცხადებს სხვადასხვა საწარმოსა და დაბალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულ მუშებს! ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს ღირსების შემლახველი შრომა და მუდმივად უფლებების დარღვევის პირობების ატანა თვითგადარჩენისთივს. ამიტომაც, ჩვენ ვითხოვთ ღირსეულ შრომით გარემოს ტრანსგენდერთა თემისა და საქართველოს მთლიანი მოსახლეობისათვის!

მოთხოვნები:

შრომითი ინსპექციის შემოღება და ანტიდისკრიმინაციული კანონის ამუშავება!
სქესის შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანისათვის არსებული უფლების შემლახველი პრაქტიკების აღმოფხვრა და გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მექანიზმების დანერგვა!

ჯანდაცვა

მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის მკურნალობის ხარჯებს ფარავს, ამ პროგრამის მიღმა უამრავი ჯგუფი რჩება. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს ახალგაზრდა გოგონებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოკვლევებს. ამავე დროს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ საკმაოდ ვრცელი სამედიცინო პაკეტის პარალელურად წამლების ფასები იმდენად იზრდება, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, პენსიონრებსა და სხვა ჯგუფებს სოციალური უმწეობის წინაშე აყენებს.

ტრანსგენდეი თემისთვის ჯანდაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოში არ არსებობს ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ხდება ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების დაფინანსება. შესაბამისად, ტრანსგენდერი თემისთვის შეუძლებელია მათთვის საჭირო ჯანდაცვის პროცედურების მიღება, არა მხოლოდ იმიტომ რომ მაღალ თანხებთან არის დაკავშირებული, არამედ იმიტომაც, რომ უბრალოდ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ტიპის სამედიცინო სერვისები.

ჩვენ, სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელსაც ხელი არ მიუწვდება მედიკამენტებზე. რადგანაც მთლიანად ტრანსგენდერ თემს ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვის არსებულ სიკეთეებზე, ჩვენ კარგად გვესმის თუ რას ნიშნავს იყო გარიყული მთლიანი ჯანდაცვის პროგრამიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ:

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინებულ იქნეს ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები!

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან