სოხუმმა ფაროსანას და რუსული სანქციის გამო ქართული პრუდუქციის შეტანა აკრძალა

გაურკვეველი ვადით აფხაზეთიდან რუსეთში ხილისა და თხილის შეტანის აკრძალვაზე რუსული სანქციის გამო სოხუმში ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა ზომა მიიღეს – მათ შორისაა ენგურის გამშვები პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის შეტანის აკრძალვა. ინფორმაციას აფხაზური სახელმწიფო ინფორმაციის სააგენტო აპსნიპრესი ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მცენარეთა კარანტინის ინსპექციის ცნობით, ყავისფერი აზიური ფაროსანა (Halyomorpha halya Stal) ენგურის გამშვები პუნქტით შემოსულ ხელბარგში აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, 2018 წლის 31 მარტიდან დროებითი შეზღუდვები დაწესდება “საქართველოდან აფხაზეთში ხელბარგით მცენარეული პროდუქციის შეტანაზე”.

რუსული მხარის მოთხოვნით, აფხაზეთში ფაროსანა წლის განმავლობაში უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ვერ შევა. რუსი მკვლევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ფაროსანა ჩრდილოეთისკენ დაიძრება.

გარდა ამისა, “როსსელხოზნადზორის” [ვეტარინარიისა და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახური] წარმომადგენელმა იულია მელანომ რუსულ მედიას განუცხადა, რომ აზიური ფაროსანა, რომელიც აფხაზეთშია გავრცელებული და რის გამოც რუსეთმა აფხაზეთიდან ხილისა და თხილის გატანა 2 აპრილიდან გაურკვეველი ვადით აკრძალა, შესაძლოა, ხელოვნურად იყოს გამოყვანილი “ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში” – “არ გამოვრციხავთ, რომ დღეს საუბარი იყოს გარკვეული ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე”, – ამბობს “როსსელხოზნადზორის” წარმოდგენელი. მისივე თქმით, “საქართველოში რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატირიაა, რომლებიც რით არიან დაკავებული, უცნობია”.

თბილისში მოსკოვისა და სოხუმის ბრალდებებზე ოფიციალური განცახდება ან კომენტარი არ გაკეთებულა.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი