იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ დისკრიმინაციის გამო სასამართლოს მიმართეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტმა ესმა გუმბერიძემ სასამართლოს მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმედგ, ვინაიდან საბჭოს არ აქვს სარჩელის ფორმა, რომლითაც უსინათლო ადამიანი შეძლებს სარგებლობას.

ამის შესახებ საუბარი არის თანასწორობის კოალიციის 2016-2017 წლის ანგარიშში, რომელიც ომბუდსმენის ოფისსა და სასამართლოში წარმოებულ დისკრიმინაციის შემთხვევებს ასახავს. ანგარიშში შესულია 60 საქმე, საიდანაც ყველაზე მეტი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაციას ეხება.

ესმა გუმბერიძე 30 მარტს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დავაზე თავად ისაუბრა. მისივე თქმით, სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ პრობლემა მოაგვარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უსინათლოებისთვის სარჩელის ფორმის დამოუკიდებლად შევსება კვლავ შეუძლებელია.

“ჩვენ, უსინათლოებს, გამხმოვანებელი პროგრამის მეშვეობით შეგვიძლია წავიკითხოთ, მოვისმინოთ, რაც კომპიუტერში ხდება და მათ შორის დოკუმენტიც შევავსოთ. თუმცა ის ფორმა ისე იყო გრაფიკულად შედგენილი, რომ ჩვენი პროგრამა იმას ვერ გვიკითხავს.

იურიდიული მაქვს დამთავრებული და მინდოდა, სარჩელის ფორმა დამოუკიდებლად შემევსო, არაადაპტირებულობის გამო ვერ შევავსე. შემდეგ PHR-ის დახმარებით წერილით მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იქიდან პასუხი რომ არ მივიღეთ შესაბამის ვადაში, სასამართლოს მივმართეთ. საბჭომ მოითხოვა საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ გამოსწორდა ეს ხარვეზი, დისკრიმინაციას ადგილი აღარ აქვს და თქვეს, რომ მოვახდინეთ ამ ტექსტის ადაპტაცია. გარკვეული გაუმჯობესება არის, ტექსტი ისმინება, მაგრამ, მისი შევსება მაინც შეუძლებელია,”- თქვა ესმა გუმბერიძემ.

თანასწორობის კოალიციის მიერ მოწყობილი პრეზენტაცია. 30.03.2018

მან ასევე განაცხადა, რომ კონკრეტული სერვისების ადაპტირება ხშრად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება და ამიტომ უჭირთ შშმ პირებს თავდაპირველად მისით სარგებლობა:

“შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ რამდენი რამის ადაპტირება მოვახდინეთ, მაგრამ არ სარგებლობენ შშმ პირები. შეიძლება, ახლა, დღეს-ხვალ ვერ ისარგებლონ, რადგან იმისთვის, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი რაღაცით ისარგებლო, გჭირდება სხვა ბევრი რამ. მაგალითად, ბანკომატით რომ ისარგგებლო, იქამდე უნდა მიხვიდე, უნდა იცოდე მისი გამოყენება და ა.შ. მაგრამ, როცა შესაძლებლობა ჩნდება, ჩნდება მისი გამომყენებელიც და ამიტომ ძალიან მნიშველოვანია ხელმისაწვდომობის დანრეგვა,”- განაცხადა მან.

ესმა გუმბერიძე საუბრობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან სასამართლო დავაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 30.03.2018

ესმა გუმბერიძის საქმის დეტალები:

“2017 წლის პირველ მაისს მოსარჩელეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძოდ, აქვთ მხედველობის პრობლემა, 2017 წლის 30 იანვარს მიმართეს ორგანიზაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის~ და სთხოვეს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა _ ბანკებში უსინათლო პირებისათვის მომსახურების შეზღუდვასა და სერვისის დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის შესახებ.

მოსარჩელეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, თავად შეეტანათ საქმე სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, თუმცა, როგორც გაირკვა, უსინათლო მოქალაქეებისთვის როგორც სასარჩელო, ისე სასამართლოს დანარჩენი ოფიციალური ფორმების შევსება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ელექტრონული ფორმების გამოყენება უსინათლო პირებისთვის ხელმისაწვდომი წამკითხველი პროგრამის დახმარებით შეუძლებელი აღმოჩნდა _ პროგრამას გაუჭირდა ფორმის წაკითხვა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მოსარჩელეებმა 2017 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც მოსარჩელეებს კანონით დადგენილი ერთი თვის განმავლობაში განცხადებაზე პასუხი არ გასცა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის #1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია სარჩელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შესაგებლის ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა დასაშვებია მხოლოდ ამ ფორმებით. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული აღნიშნული ფორმები არის სასამართლოსთვის მიმართვის ერთადერთი საშუალება. ამის მიუხედავად, არცერთი მათგანი არ არის ადაპტირებული უსინათლო პირების საჭიროებებზე, რაც შეუძლებელს ხდის მათთვის სასამართლოსთვის მიმართვას იმ შემთხვევაში, თუ თავად სურთ საკუთარი უფლებების დაცვა. ამის პარალელურად, შეზღუდვის არმქონე ნებისმიერ პირს ხელი მიუწვდება აღნიშნულ შესაძლებლობაზე.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, შეზღუდული შესაძლებლობის თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, გააჩნია ლეგიტიმური რწმენა, რომ სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებები არ შეილახება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ დაერღვევათ კონკრეტული უფლებები, ისინი შეძლებენ გამოიყენონ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული სასარჩელო ფორმები წარმოადგენს უსინათლო პირების მიმართ უფლებების დისკრიმინაციულ დარღვევას, რაც გამოიხატება მათ მიერ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასამართლო ფორმები არ არის მორგებული პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე, არამედ ის არათანაზომიერად შემზღუდველ წესებს ავრცელებს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

საბჭოს მიერ სავალდებულო და არაადაპტირებული სასამართლო ფორმების დამტკიცებით, უსინათლო პირებს ეზღუდებათ სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება, რაც თავისთავად გულისხმობს მათ იძულებას, მუდმივად საჭიროებდნენ გარეშე პირების დახმარებას და უთანასწორო მოპყრობის შედეგად ვერ მოახდინონ ფუნდამენტური უფლებების დამოუკიდებლად რეალიზება.

ამასთან, ერთ-ერთი მოსარჩელე არის იურისტი, რომელსაც არსებული სადავო რეგულაციით ეზღუდება პროფესიული განვითარების უფლება. თუ არ მოხდა სასამართლო ფორმების ადაპტირება, ე.გ. ვერასოდეს შეძლებს, გახდეს პრაქტიკოსი იურისტი და წარმოადგინოს ადამიანები სასამართლოში, რისი შესაძლებლობაც სრული მხედველობის მქონე იურისტებს აქვთ.

განსახილველ საქმესთან მიმართებით, უცნობია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უსინათლო პირებისათვის ადაპტირებული სასამართლო ფორმების არქონა, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოუწევს ამტკიცოს, რომ დიფერენცირებას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი.

… მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სახეზეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ აღებული ვალდებულების უგულებელყოფა. კერძოდ, მოსარჩელეებს, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე, დაერღვათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასამართლო ფორმები არ ითვალისწინებს მათ განსაკუთრებულ საჭიროებებს, რაც წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს. მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილია 5000 ლარი,”- ვკითხულობთ თანასწორობის კოალიციის ანგარიშში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი