ახალი ამბები

როდის ექნება თბილისს ახალი საბაგირო გზა

2 აპრილი, 2018 • 6501
როდის ექნება თბილისს ახალი საბაგირო გზა

საბაგირო გზის განახლებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს დააკავშირებდა, საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ თბილისს აღნიშნული საბაგირო დღემდე არ აქვს. როგორც მერიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ახალი საბაგიროს პროექტი უკვე მზადაა, მთავარი კი ტერიტორიასთან მცხოვრები მოსახლეობის თანხმობაა. ისინი კომპენსაციის სანაცვლოდ საცხოვრებლის დათმობას უნდა დათანხმდნენ.

საბაგირო გზის პროექტი

როგორც მერიაში გვითხრეს, საბაგირო გზის განახლებაზე პირველი ხელშეკრულება 2012 წელს გაფორმდა. მაშინდელი შეთანხმებით, საბაგიროს ქვედა სადგური სასტუმრო “რედისონის” წინ უნდა განთავსებულიყო. პირობების შეუთანხმებლობის გამო, 2015 წლიდან საბაგიროს ქვედა სადგურის ადგილდმებარეობა შეიცვალა და “რადისონის” მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, არქიტექტორთა საბჭოს გადაწყეტილებით, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში მდებარე ძველი საბაგირო სადგური შეირჩა. 

მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსის, ლაშა დალაქიშვილის თქმით, ამ დროისთვის ყველა საპროექტო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნებთან ერთად, უკვე მოპოვებულია როგორც ქართული მხრიდან, ისე დამამზადებელ კომპანია “დოპლმაიერიდან”.

სწორედ ავსტრიული “დოპლმაიერის” გაკეთებული იყო საბაგირო, რომელიც 16 მარტს მწყობრიდან გამოვიდა. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ “დოპლმაიერის” საბაგირო გზები მოსახლეობისთვის უსაფრთხოა, დალაქიშვილი განმარტავს, რომ ის სრულად ენდობა “ბიურო ვერიტასის” დასკვნას. ამ დასკვნის მიხედვით, ინციდენტში ბრალი ოპერატორს ედება. ლაშა დალაქიშვილის თქმით, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ამ სფეროში  საუკეთესოა.

მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგური , ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

“საბაგიროს საპროექტო დოკუმენტაციამ ყველა ექსპერტიზა გაიარა. ნებართვის ასაღებად შესაბამის უწყებებთან ახლა დავიწყეთ მუშაობა. ასევე ვმუშაობთ ქვედა სადგურთან მცხოვრებ მოსახლეობასთან. თანხმობის მიღების შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს,” – უთხრა ლაშა დალაქიშვილმა “ნეტგაზეთს”.

რაც შეეხება უშუალოდ საბაგირო გზას, მისი სიგრძე 960 მეტრს მიაღწევს და საათში 1 100 ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება. მონოგონდოლის ტიპის (როგორიც არის რიყის საბაგირო) საბაგირო გზას, რომელსაც 20 გონდოლა და 5 გასამაგრებელი ანძა ექნება, რუსთაველიდან მთაწმინდის პარკში ასასვლელად დაახლოებით 4 წუთი დასჭირდება.

როგორც საბაგიროს მშენებლობის მენეჯერმა, მიხეილ წინწალაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მნიშვნელოვანია, რომ საბაგიროს ქვედა სადგურს მისი ისტორიული იერსახე და ცნობილი სპირალური კიბე შეუნარჩუნდეს. შენობის მხოლოდ ტექნიკური მხარე დაინგრევა და ხელახლა აშენდება.

მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგური, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი


“გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ ველოდებით კომპანია “დოლპელაიერისგან” საბოლოო განფასებას,  ზუსტ ხარჯზე საუბარი შეუძლებელია. როგორც აღვნიშნე, საბაგიროს სადგურის ცვლით მისი  პროფილი შეიცვალა და ის ძველი დანადგარები, რომელიც შესყიდულია 2012 წელს, საჭიროებს მოდიფიკაციას, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. სამშნებელო სამუშაოები კი, რაც სამხარაულმა ხარჯთაღრიცხვაში დაადგინა, 4 200 000 ლარს შეადგენს” – აღნიშნავს ლაშა დალაქიშვილი.

“ნეტგაზეთმა” არაერთხელ მიმართა როგორც უშუალოდ მერიას, ასევე საბაგიროს სამუშაო ჯგუფს, რათა მოეპოვებინა ის საპროექტო მასალები და ე.წ. რენდერები, რომლებიც საბაგიროს სამომავლო სახეს ასახავდა, თუმცა აღნიშნულზე არაერთი უარი მიიღო.

[red_box]რას ითხოვს მოსახლეობა[/red_box]

რაც შეეხება მოსახლეობას, რომელიც საბაგიროს ქვედა სადგურთან, მეტრო “რუსთაველთან” ახლოს ცხოვრობს, როგორც საბაგიროს ჯგუფი განმარტავს, ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს სწორედ მათთან მოლაპარაკება წარმოადგენს.

“სამშენებლო მოედნის მოწყობა მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, ვერ დავიწყებთ სამუშაოებს, თუ უსაფრთხოების ყველა წესი არ იქნება დაცული და მოსახლეობის თანხმობა არ გვექნება.

მოსახლეობასთან ერთად სამშენებლო სამუშაოების წარმოება არის წარმოუდგენელი. მშენებლობის ორგანიზების პროექტიც ადასტურებს, რომ უსაფრთოხების ზომების დაცვა შეუძლებელია, თუ მოსახლეობა იქ იქნება. თორემ, როდესაც საბაგირო გაეშვება, ის  ხელს არავის შეუშლის, უსაფრთოხების ყველა ზომა დაცული იქნება, ამის გარანტიას იძლევა თვითონ დამმზადებელი” – განმარტავს ლაშა დალაქიშვილი.

მისივე თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება ამ პროექტს. გარდა ამისა, მერიას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის უკვე დაკვეთილი აქვს მათი ფართების შეფასება, რათა დასკვნის მიღების შემდეგ,მერიამ მოსახლეობას ქონების გამოსყიდვის წინადადებით მიმართოს. მას შემდეგ კი, რაც მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული იქნება და ტენდერი გამოცხადდება, დაახლოებით ერთ წელიწადში ქალაქს დამატებით ერთი საბაგირო გზა ექნება.

მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგური , ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

[red_box]მოსახლეობის მოთხოვნა[/red_box]

როგორც საბაგიროს ქვედა სადგურთან მცხოვრები მოსახლეობა “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, ტერიტორიასთან მცხოვრები 10-მდე ოჯახის უმრავლესობა მართლაც თანახმაა, ტერიტორია კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვოს. თუმცა შეთანხმება მერიასა და მათ შორის ამ დრომდე არ შემდგარა.

მათი განმარტებით, ზოგიერთი ოჯახი თანახმა იყო, კომპენსაცია სულადობრივად მიეღო, ზოგს კი აღნიშნული ბინის ფართობის მიხედვით ურჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები კომპენსაციის მიღებას მათ მფლობელობაში არსებული ბინის ფართის მიხედვით შეთანხმდნენ, ისინი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოებულ კვლევას სკეპტიკურად უყურებენ.

როგორც საბაგიროსთან მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახთა უმეტესობა აქ ბავშვობიდან ცხოვრობს, ადგილს შეეჩვია და, შესაბამისად, მერიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამის გამო მათ შეიძლება უფრო მეტი თანხა დაასახელონ.

მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგური , ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

“გასვლაზე, ფაქტობრივად, ყველა თანახმაა. მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა, თუმცა იმასაც გააჩნია, თუ რა თანხას შემომთავაზებენ. აქ მცხოვრებ ოჯახებს შორის  ზოგს უნდა, ზოგს – არა, ზოგი უბრალოდ მიჩვეულია. ჩემი პოზიცია ის არის, რომ ქალაქისთვის ასე უფრო უკეთესი იქნება და ამაში ყველა მეთანხმება. არავინ ითხოვს არარეალურს, ყველამ იცის ფასი, ადგილი. რა თქმა უნდა, დაიდება იმათი ფასიც, ის ბევრად ნაკლები იქნება რეალურზე. თუმცა, თუ არაერალურ თანხას შემოგვთავაზებენ, მაშინ სახელმწიფომ ალტერნატიული გზები უნდა იპოვოს. არ უნდა გაუჭირდეს სახელმწიფოს 10 ოჯახის დაფინანსება,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა მცხოვრებმა რამაზ ასათიანმა.

საბაგირო გზა, რომელიც რუსთაველის მოედანსა და მთამწინდის პარკს აკავშირებდა, თბილისში პირველად 1959 წლის 1 მაისს ამუშავდა და 1990 წლის 1 ივნისამდე ფუნქციონირებდა. საბაგირო გზის საწევი ბაგირი სწორედ ამ დღეს გაწყდა და ორი გონდოლა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა, პარალელურად დაგორდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ერთ-ერთი მათგანი ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, მეორე კი შუაზე გაიჭრა. ტრაგედიის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგური , ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი