თანდოიანცის ეკლესიაზე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” აცხადებენ, რომ თანდოიანცის ეკლესიის შენობაზე უკანონო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ორგანიზაციების მითითებით, 2018 წლის 26 მარტს გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ძეგლის ის მდგომარეობა, რომელიც საპატრიარქოსათვის გადაცემისას იყო, შეცვლილია და ის არსებითად დაზიანებულია, ჩამოშლილია ფრონტონი (შენობის ფასადის ნაწილი), მოსწორებულია ეკლესიის კედლები, რომლებიც ადრე, ბუნებრივი ცვეთის პირობებში, უსწორმასწორო იყო.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ეს მოქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას და საფრთხეს უქმნის მისი ისტორიული, კონფესიური და არქიტექტურული მახასიათებლების შენარჩუნებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე განცხადებას ორშაბათს, 2 აპრილს გაავრცელებენ.

აღმაშენებლის #38-ში მდებარე სომხური ისტორიული ეკლესია სახელმწიფომ 2017 წლის 28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაურეგისტრირა საკუთრებაში.

თანდოიანცის ეკლესიის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და საჯარო რეესტრს შორის დავა მიმდინარეობს.

საქმე ეხება დავით აღმაშენებლის გამზირზე, 38 ნომერში მდებარე ეკლესიას, რომელიც 1866 წელს საჰაკ თანდოიანცის თანხით ააშენეს.

1883 წელს ეკლესიის ეზოშივე საჰაკ თანდოიანცის მეუღლე კეკელამ და კეკელას ძმამ, ალექსანდრე ბაბანასიანცმა სამრევლო სკოლა ააშენეს. ამ შენობას დღემდე აქვს სომხური წარწერა, რომ ეს შენობა აშენებულია თანდოიანცების მიერ.

საბჭოთა პერიოდში კინოთეატრად გადაქცეული და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი დაზიანებული ეკლესიის შენობა 2017 წელს საპატრიარქომ გადაიფორმა. საპატრიარქო ამტკიცებს, რომ “თანდოიანცის” ეკლესიის შენობა ქართველების მიერ აშენებულ ეკლესიაზე დგას.

ეკლესია ამჟამად დაზიანებულია. საპატრიაროს სურს, ეკლესია ისე აღადგინოს, რომ თავდაპირველი იერსახე შეუცვალოს. თუმცა ამისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვა დასჭირდება, რაც ჯერ არ აქვს.

თანდოიანცის ეკლესია

თანდოიანცის ეკლესია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com