ახალი ამბებისამართალი

ტაქსის მძღოლმა შეურაცხყოფა მოგვაყენა და მომსახურებაზე უარი გვითხრა – ტრანსგენდერი ქალი

30 მარტი, 2018 • 6753
ტაქსის მძღოლმა შეურაცხყოფა მოგვაყენა და მომსახურებაზე უარი გვითხრა – ტრანსგენდერი ქალი

“ტრანსგენდერები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხდებით ძალადობის მსხვერპლი- ქუჩაში, ოჯახში, საზოგადოებროვ ტრანსპორტში, თუნდაც ტაქსიში, მიუხედავად იმისა, რომ ვიძახებთ ტაქსის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გადავაადგილდეთ ქუჩაში” – თქვა ტრანსგენდერმა აქტივისტმა ნატამ 30 მარტს, თანასწორობის კოალიციის მიერ მოწყობილ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტრანსგენდერი ქალის თქმით, ტაქსის მძღოლმა ტრანსგენდერ ქალებს მომსახურებაზე უარი უთხრა, შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა.

“ტაქსი გამოვიძახეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, როცა შეგვატყო, რომ ვიყავით ტრანსგენდერი ქალები, მომსახურებაზე გვითხრა უარი, უფრო მეტიც, შეურაცხყოფა მოგვაყენა და წავიდა. პატრულში არ დაგვირეკავს იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის თითქმის ყოველდღიურობაა. ქუჩაში ყოველდღიურად განიცდი ძალადობას და პატრულის გამოძახებასაც არ აქვს აზრი მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტ დამცირებას და უფრო მეტ სიძულვილს ვაწყდებით პოლიციის მოსვლის შემდეგ,”- თვქვა მან სიტყვით გამოსვლისას.

“მივმართავ ლგბტ, განსაკუთრებით, ტრანსგენდერ ადამაინებს, რომ ასეთი საქმეები არ უნდა დავიტოვოთ ჩვენთვის და უნდა მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს”- თქვა მან.

საქმე, რომელზეც ტრანსგედერი აქტივისტი საუბრობს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) მოამზადა. ეს საქმე თანასწორობის კოალიციია 2016-2017 წლების ანგარიშში არის შესული. საქმის დეტალების თანახმად, სახალხო დამცველმა მათ დისკრიმინაცია დაუდგინა და მიმართა რეკომენდაციით, რომელიც არც ტაქსის კომპანიას და არც მძღოლს არ გაუთვალისწინებიათ. ტრანსგენდერის, ტაქსის კომპანიისა და მძღოლის არგუმენტების შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაში არის საუბარი (ტექსტში ტრანსგნდერი ქალის სახელი და გვარი შეცვლილია):

“2016 წლის 3 ნოემბერს ტრანსგენდერმა ქალმა სახალხო დამცველს მიმართა. 2016 წლის 7 სექტემბერს თავის სამ მეგობართან ერთად ქ. თბილისში გამოიძახა ერთ-ერთი კომპანიის ტაქსი. გამოძახების ადგილზე ტაქსის მისვლის მომენტში ნათია და მისი მეგობრები, რომლებიც ასევე ტრანსგენდერი ქალები არიან, შემოსილები იყვნენ ქალის ტანსაცმლით, ქუსლიანი ფეხსაცმლით და ჰქონდათ მაკიაჟი. ნათია მიუთითებს, რომ როდესაც მეგობრებთან ერთად ავტომობილს მიუახლოვდა და კარი გააღო, მძღოლმა
დაუყვირა: „ფუ, თქვე პიდარასტებო, მანქანაში არ ჩაგსვამთ“, რის შემდეგაც მანქანა სწრაფად დაძრა და წავიდა. ნათია ენდელაძემ დაუყოვნებლივ დარეკა ტელეფონის იმავე ნომერზე, რომლითაც ტაქსი გამოიძახა და მომხდარის შესახებ შეატყობინა. ნათიას კომპანიაში განუცხადეს, რომ წერილობით მიემართა და საჩივარს განიხილავდნენ, თუმცა მისთვის ალტერნატიული ავტომობილი არ შეუთავაზებიათ.

ნათია ენდელაძე მიიჩნევდა, რომ მისთვის ტაქსის მომსახურებაზე უარი განპირობებული იყო მძღოლის ჰომოფობიური წინასწარგანწყობით და მას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. მომჩივნის აზრით, ის გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით.

2017 წლის 31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ტაქსის მძღოლ გ.გ-სა და ტაქსის კომპანია “Maxim”-ს (შპს „ტექნოკომი“) გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციაში აღნიშნულია:

განმცხადებელი არის ტრანსგენდერი ქალი. 2016 წლის 7 სექტემბერს მან თავის სამ მეგობართან ერთად ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, გამოიძახა კომპანია „Maxim“-ის ტაქსი. ნ-მ რამდენიმე წუთში მიიღო შეტყობინება: „21:26 წუთზე, თქვენთან მოვა გ. შავი ჰონდა ***. მგზავრობის ფასია 3,50 ლარი.“

ნ-ს გამოძახება დარეგისტრირდა ნომრით **********. როდესაც ტაქსი გამოძახების ადგილზე მივიდა, განმცხადებელი და მისი მეგობრები, რომლებიც ასევე ტრანსგენდერი ქალები არიან, შემოსილები იყვნენ ქალის ტანსაცმლით, ქუსლიანი ფეხსაცმლით და ჰქონდათ მაკიაჟი. განმცხადებელი მიუთითებს, რომ როდესაც მეგობრებთან ერთად ავტომობილს მიუახლოვდა და კარი გააღო, მძღოლმა დაუყვირა:

„ფუ, თქვე პიდარასტებო, მანქანაში არ ჩაგსვამთ“, რის შემდეგაც მანქანა სწრაფად დაძრა და წავიდა. განმცხადებელმა დაუყოვნებლივ დარეკა ტელეფონის იმავე ნომერზე, რომლითაც ტაქსი გამოიძახა და მომხდარის შესახებ შეატყობინა. „Maxim“-ში განუცხადეს, რომ კომპანიისათვის წერილობით მიემართა და მის საჩივარს განიხილავდნენ. შპს „ტექნოკომის“ მიერ 2016 წლის 14 ნოემბერს სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლის განმარტებით, მგზავრების რაოდენობა აღემატებოდა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ რაოდენობას, რის გამოც მან უარი განუცხადა განმცხადებელს მომსახურების გაწევაზე.

ამასთან, შპს „ტექნოკომმა“ მიუთითა, რომ კომპანიას არ ჰყავს საკუთარი ავტომობილები და მძღოლები. კომპანია არის ოპერატორი, რომელიც მძღოლებს გადასცემს შეკვეთას და თავად, დამოუკიდებლად, შემკვეთს მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებას არ უწევს. 2016 წლის 13 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ესაუბრა ტაქსის მძღოლ გ.გ-ს. მისი განმარტებით, 2016 წლის 7 სექტემბერს მიიღო შეკვეთა და მგზავრების ასაყვანად მივიდა გამოძახების მისამართზე. მისი თქმით, ზოგადად, ორ მგზავრზე მეტს არ აძლევს უკანა სავარძელზე დაჯდომის უფლებას, ვინაიდან ამან შეიძლება მანქანის ნაწილი დააზიანოს.

გ-მ აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მგზავრი ტრანსგენდერია თუ _ არა, იმ შემთხვევაში, გადამწყვეტი იყო მგზავრთა რაოდენობა. როგორც იგი აღნიშნავს, მომსახურების გაწევაზე უარი განმცხადებლისათვის არ განუმარტავს, ვინაიდან არ ჰქონდა საშუალება, რომ იმ კონკრეტულ ადგილას მანქანა გაეჩერებინა და განმცხადებელს დალაპარაკებოდა.

გ.გ-ს მითითებით, ის გაწევრიანებულია „Maxim“-ში, თუმცა რაიმე სახის პასუხისმგებლობა კომპანიის მიმართ არ აქვს და სამუშაოდ საკუთარი სურვილის მიხედვით მიდის. განმცხადებლის მიერ ტაქსის მომსახურებაზე უარის შეტყობინების შემდეგ, „Maxim“-ს ნათიასთვის ალტერნატიული ავტომობილი არ შეუთავაზებია.

… ამდენად, გ.გ. მომსახურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე ავტომობილის დაზიანების საფრთხეს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ვინაიდან განმცხადებელს და მის მეგობრებს ეცვათ თავიანთი გენდერული იდენტობის შესაბამისი ტანისამოსი, ქუსლიანი ფეხსაცმელი და ჰქონდათ მაკიაჟი, გ.გ-სთვის განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო მგზავრების გენდერული იდენტობა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლმა არ იცოდა განმცხადებლის გენდერული იდენტობის შესახებ, მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ უკანა სავარძელზე, შესაძლებელია, მოთავსდეს 3 ადამიანი.

ამასთან, „Maxim“-დან შეტყობინების მიღების შემდეგ, გ.გ. მზად იყო, მომსახურებოდა მგზავრებს იმ დრომდე, ვიდრე მისთვის სავარაუდოდ აღქმადი გახდებოდა, რომ მგზავრები ტრანსგენდერი ადამიანები იყვნენ. მოპასუხე მხარის უარყოფით დამოკიდებულებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მან განმცხადებელს მომსახურების გაწევაზე უარის მიზეზი არ განუმარტა. მისი განცხადებით, იმ კონკრეტულ ადგილზე ავტომობილს ვერ გააჩერებდა, რათა განმცხადებელს გასაუბრებოდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნება მიჩნეული გონივრულად, ვინაიდან ტაქსის მძღოლს, მგზავრების ჩასხდომის მიზნით, განსაზღვრული დროით ავტომობილის გაჩერების ვალდებულება გააჩნია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული მიზეზი _ ავტომობილის შესაძლო დაზიანება _ ვერ ჩაითვლება ისეთ ლეგიტიმურ მიზნად, რომელიც გაამართლებდა ტაქსით მომსახურებაზე უარს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს შპს „ტექნოკომის“ პასუხისმგებლობის საკითხი. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ნებისმიერ დაწესებულებას, მათ შორის კერძო კომპანიებს, ეკისრებათ ვალდებულება, რომ თავიანთი საქმიანობა, სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეუსაბამონ. ამდენად, შპს „ტექნოკომმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ (მათ შორის, შუამავლობის გზით) საჯაროდ შეთავაზებული სერვისით ჯეროვანი სარგებლობა თანასწორად შეძლოს ყველა ადამიანმა, რამდენადაც შპს „ტექნოკომის“ მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა მომავალში, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს დისკრიმინაციის წახალისებას.

განსახილველ საქმესთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას, სახალხო დამცველი ეყრდნობა არა მხოლოდ საქმეში არსებულ მასალებსა და მოპასუხე ტაქსის მძღოლთან გასაუბრების შედეგებს, არამედ ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლგბტ თემი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები, ქალებთან შედარებით, ბევრად უფრო ნეგატიურად არიან განწყობილი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში _ იქნება ეს პირადი, პროფესიული, სოციალური თუ კულტურული სფერო. ხშირ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩნდნენ იმ გარეგნობით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება გახდნენ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი. ჩვენს კულტურაში არსებული აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც დამკვიდრებული სტერეოტიპებით საზრდოობს, ტრანსგენდერ ადამიანებს უზღუდავს საშუალებას, იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მძღოლს და შპს `ტექნოკომს“ ეთხოვათ, მომსახურების გაწევისას უზრუნველყონ თანასწორობის პრინციპის დაცვა. შპს `ტექნოკომს“ ეთხოვა, შეიმუშაოს შინაგანაწესი, სადაც განმტკიცებული იქნება მგზავრების მომსახურების ანტიდისკრიმინაციული პრინციპები, ასევე, “Maxim”-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის თაობაზე.

არც შპს “ტექნოკომს” და არც მძღოლს სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შეუსრულებია,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი