ახალი ამბებიეკონომიკატექნოლოგიები

კრიპტოვალუტის მომპოვებელი ადამიანები საქართველოში

30 მარტი, 2018 • 13168
კრიპტოვალუტის მომპოვებელი ადამიანები საქართველოში

მაინერები ფულის შოვნას უკვე დიდი ხანია რაც მთელ მსოფლიოში ცდილობენ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინინგით თვეში საშუალოდ 900 დოლარს გამოიმუშავებდნენ, საქართველოშიც მოიძებნებიან, თუმცა მათი გამოცდილება, ამ ბაზარზე მიმდინარე პროცესები და სპეციალისტების მოსაზრებები მოწმობს, რომ ეს ფულის შოვნის არცთუ ისე ურისკო გზაა.

რა არის კრიპტოვალუტა და რა არის მაინინგი?

ციფრული ვალუტები ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ისინი საბანკო სისტემის ალტერნატივას ქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა.  მას სახელმწიფო და ფინანსური სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ შესაბამისად, ამ მეთოდით თანხის გადარიცხვა გაცილებით სწრაფი და მარტივია ტრადიციულთან შედარებით.

კრიპტოვალუტის მოპოვების ორი გზა არსებობს. პირველი, მათი ტრადიციული ვალუტებით შეძენაა. მეორე მეთოდს კი “მაინინგს” უწოდებენ, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით კრიპტოფულს კომპიუტერული მოწყობილობებით გამოიმუშავებს.

მაინინგის მეთოდები

მაინინგში ჩართვის მსურველები არჩევანს ორი ტიპის მოწყობილობას შორის აკეთებენ. მათი ფასი სიმძლავრის მიხედვით იცვლება. როგორც საკონსულტაციო კომპანია, Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი ალეკო სუდიძე ნეტგაზეთთან ამბობს, მომხმარებლები ასიკის ტიპის აპარატებს ან ვიდეობარათებით აწყობილ მაინერებს ყიდულობენ. სუდაძის თქმით, ასიკის შემთხვევაში ინვესტიციის ამოღება დროში იწელება, აპარატებიც ძვირადღირებულია, თუმცა მათ ნაკლები მენეჯმენტი სჭირდებათ. ვიდეობარათებით მომუშავე მაინერი შესაბამის ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. გარდა ამისა, ასიკები ხმაურს გამოსცემს, ვიდეობარათების შემთხვევაში კი მოწყობილობას გაგრილება სჭირდება. 
[checklist]

  • მაინინგი სახლში

ასეთ დროს მომხმარებელი კომპიუტერულ მოწყობილობებს, მაინერებს, ყიდულობს და მათ სახლში ათავსებს. ქართული კანონმდებლობით, ერთი აბონენტი 10 კილოვატ/საათ ელექტროენერგიაზე მეტს ვერ მოიხმარს, შესაბამისად, მომხმარებელი შეზღუდულია მაინერების რაოდენობასა და სიმძლავრეში.

გარდა ამისა, მსგავსი მოწყობილობები დაახლოებით 30-40 გრადუს სითბოს გამოყოფს, შესაბამისად, მათი გამართულად მუშაობისთვის გაგრილების სისტემაც მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს. ზოგი მაინერი კი დიდ ხმაურს გამოსცემს და მათი სახლში განთავსება შეიძლება არაკომფორტული იყოს.

ამასთანავე, მომხმარებელი თავად იხდის ელექტროენერგიის გადასახადს და მაინერის გამართულად მუშაობაზე თავადვეა პასუხისმგებელი.

  • მაინინგი დატაცენტრში

ზოგი მომხმარებელი, სხვადასხვა კომპანიის სერვისით სარგებლობას ამჯობინებს და მაინერს, რომელსაც თავად ყიდულობს, დატაცენტრში ათავსებს.

ასეთ დროს დატაცენტრის მენეჯერი სპეციალური გადასახადის სანაცვლოდ პასუხისმგებლობას იღებს მაინერების გამართულად მუშაობაზე და მომხმარებლისგან მიღებული თანხიდან ფარავს ელექტროენერგიისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს.

სერვისით სარგებლობის ფასი განთავსებული მაინერების სიმძლავრეზეა დამოკიდებული. თბილისში მსგავსი კომპანიების უმეტესობისთვის 1 კილოვატ/საათის ფასი 30 თეთრამდეა.

  • ე.წ. ქლაუდ მაინინგი

ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც მაინერის შეძენის სურვილი ან საკმარისი თანხა არ აქვთ, ე.წ. ქლაუდ მაინინგი არსებობს.

ასეთ დროს მომხმარებელი დისტანციურად გარკვეულ თანხას ინვესტიციის სახით უხდის კომპანიას, რომელიც თავის მხრივ მცირე ინვესტორებისგან მიღებული თანხით მოწყობილობების ღირებულებას ფარავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ინვესტიციის მოცულობის შესაბამისად, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ურიცხავს მომხმარებელს.

როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, ქლაუდ მაინინგის დროს მომხმარებელი საშუალოდ იმის 30%-იან მოგებას იღებს, ვიდრე იმ შემთხვევაში ნახავდა, მაინერი თავად რომ ეყიდა.

[/checklist]

მაინერები საქართველოში

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ბიტკოინის მაინინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია Bitfury-ს მიერ აშენებული დატაცენტრი ფუნქციონირებს.

მსხვილი მოთამაშეების გარდა, მაინინგში ფიზიკური პირებიც არიან ჩართულნი.

ლალი ამ სფეროში ერთი წლის წინ ჩაერთო. საკუთარი მოწყობილობები დატაცენტრში აქვს დამონტაჟებული. ლალის თქმით, მოწყობილობებში დაახლოებით 11’000 დოლარი გადაიხადა და ამ ერთი წლის განმავლობაში მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 900 დოლარის ღირებულების კრიპტოკოინები იყო. ამ თანხიდან დაახლოებით 500 ლარს (თვეში) დატაცენტრში ტოვებს.

როგორც ლალი ამბობს, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე კრიპტოვალუტა დააგროვა, თუმცა ყველა მათგანი რომ გაყიდოს, დღევანდელი მდგომარეობით, ჯამში, 9000 დოლარს მიიღებს, რაც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე 2000 დოლარით ნაკლებია. ამიტომ ის კრიპტოვალუტების ღირებულების გაზრდას ელოდება.

“ადამიანები ამაში ვითომდა იმის გამო ჩაერთნენ, რომ ადვილი ფულის შოვნის საშუალებაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე მარტივია… საკმაოდ რთული თემაა და ბევრ რამეს არ აქცევენ ყურადღებას. არ უნდა იყიდო არცერთი მაინერი, თუ ამას სესხით აკეთებ.

ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ჩვეულებრივი ბირჟის წესები აქ არ მუშაობს. როგორც კი ფეისბუქმა შეწყვიტა რეკლამირება, კრიპტოვალუტის ფასმა მერყეობა დაიწყო. თუ გაქვს დანაზოგი, რომელიც არაფერს გიწყვეტს და შეგიძლია გრძელვადიანად სადმე დააბანდო, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის მიზანშეწონილი, რომ იყიდო ასეთი მაინერი, დადგა და დაელოდო,” – ამბობს ლალი.

ერთ-ერთი ძირითადი რისკი მაინინგში, რომელზეც ლალი საუბრობს, კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულის ცვლილებაა:

“ადამიანმა უნდა იფიქროს, შეიძლება მოპოვების სირთულე შეიცვალოს. მაგალითდ, მე რომ დავიწყე ეთერიუმის (ერთ-ერთი კრიპტოვალუტა) მაინინგი და 2017 წლის ივნისში მაინერი შევუკვეთეთ,  ვვარაუდობდით, რომ ის თვეში 5-6 ეთერიუმს გამოიმუშავებდა. თითოეული ეთერიუმის ფასი მაშინ 80 დოლარი იყო და თვეში საშუალოდ 480 დოლარი გამოდიოდა.  

აღმოჩნდა, რომ მოპოვება გართულდა, რის გამოც შეკვეთიდან ორ თვეში, როცა აპარატი ჩინეთიდან მივიღე, მისი გამომუშვება 15 დღეში 1 ეთერიუმი იყო, თუმცა ამავე მომენტში ეთერიუმის ფასიც გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბევრმა ადამიანმა დიდი რაოდენობის თანხა დაკარგა ამ მიზეზით”. 

“შარშან მაისში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 40 დოლარი იყო, დღეს კი 400 დოლარს აჭარბებს. ძალიან დიდი ზრდაა, თუმცა იმდენად გართულდა მისი გამომუშვება, ამ წუთში მაინც არ მიღირს გადახურდავება, რადგან, დახარჯული მაინერის ფასს ვერ ამოიღებს” – ამბობს ლალი.

სოფომ მაინერი რამდენიმე თვის წინ 2 მეგობართან ერთად შეიძინა, თუმცა, როგორც ამბობს, თუ პირველ თვეში შემოსავალი 1300 ლარს აღწევდა, ორი თვის შემდეგ მაინინგით მოპოვებული თანხა 500 ლარამდე შემცირდა. სოფოს თქმით, მაინერი 2100 აშშ დოლარად შეიძინეს და თვითღირებულება ჯერ კიდევ არ ამოუღია. ამიტომ გეგმავს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ვარაუდით 4-5 თვეში მაინერი გაწეულ ხარჯს დაფარავს, მის საკუთრებაში არსებული კრიპტოკოინები გაყიდოს:

“მაინერის ყიდვას აღარ ვაპირებთ… ცოტა გაგვიცრუვდა იმედები. თუმცა მაინერის გარდა ვაქტიურობთ ბირჟაზე. მე მაქვს ელექტრონიუმი და ცოტა რაოდენობის ბიტკოინი, ვცდილობ ვივაჭრო ამ ჩემი კოინებით, რომ მოგება ვნახო” – ამბობს სოფო.

Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა ჩინეთიდან გამოწერილი აპარატი მომხმარებელმა საბაჟოზე დატოვა, რადგან განბაჟების საფასურის გადახდის შემთხვევაში, მოწყობილობა არარენტაბელური ხდებოდა.

რისკები

ისევე როგორც ყველა ბიზნესში, აქაც გარკვეული რისკები არსებობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ციფრული ვალუტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი მისი ფასის მერყეობაა. კრიპტოვალუტის ფასზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს.

მაგალითად, 29 მარტს წამყვანი კრიპტოვალუტების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. ბიტკოინის ღირებულება 5,2%-ით შემცირდა და 7,539.45 ლარი შეადგინა. შემცირდა ეთერიუმისა (7,2 პროცენტით) და ლაითკოინის (7,7 პროცენტით) ღირებულებაც. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის ბოლოს 1 ბიტკოინის ფასმა 20’000 აშშ დოლარს მიაღწია, ერთ თვეში კი მისი ღირებულება 48%-ით შემცირდა.

კრიპტოვალუტის გაუფასურებას ექსპერტები სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ. ერთ-ერთი ძირითადი გარემოება, რომელსაც ეკონომისტები ასახელებენ, სხვადასხვა ქვეყანაში რეგულაციების შემოღების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაა.

მაგალითისთვის, 2018 წლის დასაწყისში სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. როგორც მაშინ BBC წერდა, “მიუხედავად იმისა, რომ, უცნობია, როგორ აპირებს ქვეყანა ამის გაკეთებას, მარტო მუქარაც საკმარისი გახდა, მსოფლიო ბაზარზე გავლენა რომ მოეხდინა”. საკუთარი  საზღვრების ფარგლებში ბიტკოინის წარმოების პროცესის დახურვას აპირებს ჩინეთიც.

აზიის ქვეყნებში რეგულაციების შემოღების შესახებ განცხადებებს პოპულარული სოციალური ქსელის, “ფეისბუკის” მიერ კრიპტოვალუტების რეკლამირების აკრძალვაც დაემატა და იმის ფონზე, რომ მსგავსი აკრძალვის ამოქმედებას უახლოეს მომავალში Google-იც აპირებს, არ არის გამორიცხული, კრიპტოვალუტების ღირებულებამ ვარდნის ტენდენცია შეინარჩუნოს.

როგორც Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი ალეკო სუდაძე ამბობს, მომდევნო ორი წელი რეგულაციების პერიოდი იქნება. მისი თქმით, G20-ის სამიტზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა, ბევრი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს ამ სფეროს რეგულირებისთვის, რაც ევროპის ქვეყნებში საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება:

“ვფიქრობ, რაღაც დონეზე აიკრძალება არაავტორიზებული მომხარებლების და კომპანიების მუშაობა. მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორიზებული მომხმარებლების და ფინანსური ინსტიტუტების მეტი დაშვება მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა დიდია. 2020 წალმდე იქნება რეგულაციების პერიოდი,” – ამბობს სუდიძე.

რაც შეეხება ე.წ. ქლაუდ მაინინგს, ამ საქმიანობით უცხოური კომპანიები არიან დაკავებული. როგორც სუდიძე ამბობს, ბევრი მათგანი თაღლითური სქემით მუშაობს:

“აქაც ორი ფაქტორი მოქმედებს. კრიპტოვალუტის ფასის ცვლილება და კრიპტოვალუტის გამოთვლის სირთულის გაზრდა. ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი კომპანიები აცხადებენ, რომ ეწევიან ქლაუდ მაინინგს და ორ თვეში უჩინარდებიან, თაღლითური სქემები ბევრია”.

ყველა რესპონდენტი, რომელსაც ნეტგაზეთი ამ თემაზე ესაუბრა, ამბობს, რომ კრიპტოვალუტებით ბიზნესის დაწყება სესხით რეკომენდებული არაა. ალეკო სუდაძის თქმით,  სფეროში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება უჩვენებს, რომ ყოველწლიურად ერთხელ ან ორჯერ დგება პერიოდი, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი მაღალია და იმ პერიოდში ჩადებული ინვესტიციის ამოღება 3-4 თვეშია შესაძლებელი, თუმცა პერიოდული რისკები მაინც არსებობს:

“დღეს მე არ ვურჩევ მომხმარებელს, მაინერი კრედიტით იყიდოს, რადგან პერიოდული რისკები არსებობს. რაღაც მომენტში შეიძლება კრედიტორმა თანხის დაუყოვნებლივ გადახდა მოგთხოვოს და იძულებული გახდე ყველაფერი მესამედ ფასში გაყიდო” – ამბობს Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი