ახალი ამბები

ვაკანსიის გამოცხადებისას და შერჩევის ეტაპზე სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, შესაძლოა, აიკრძალოს

30 მარტი, 2018 • 2890
ვაკანსიის გამოცხადებისას და შერჩევის ეტაპზე სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, შესაძლოა, აიკრძალოს

“საქართველოს შრომის კოდექსის” ორგანულ კანონში ცვლილები შედის, რომლის თანახმადაც, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, იკრძალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

კოდექსის მოქმედი რედაქცია რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას მხოლოდ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში კრძალავს.

კანონპროექტის ავტორი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილებების მიზანია, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას.

ცვლილებებით, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც მის რელიგიას ან რწმენას შეეხება, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსხვავების აუცილებლობა.“

შრომის კოდექსის მე-2 მუხლი  შრომით ურთიერთობებს განსაზღვარავს. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით ცვლილებები შედის შრომის კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლებში.

ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ თავდაპირველად “ლიბერალმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი